ქართულ-ავსტრალიური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია

20 მაისი 2014
Share

ქართულ-ავსტრალიური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია საველე სამუშაოებს 2009 წლიდან აწარმოებს. თავდაპირველად არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა სამთავროს ველზე და ქალაქ მცხეთის მიდამოებში, ხოლო 2012 წლიდან სამცხე-ჯავახეთში _ სოფ. ჭობარეთთან არსებულ ნამოსახლარ ბორცვზე.

ეროვნული მუზეუმის მხრიდან,  2012 წლიდან, ექსპედიციას ხელმძღვანელობს ისტორიის მეც. დოქტორი, კახა კახიანი, ხოლო ავსტრალიის მხრიდან _ მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორი, ანტონიო საგონა. ექსპედიცია ერთობლივ საველე სამუშაოებს  2014 და 2015 წლებშიც ჩაატარებს.

2012-2013 წ.წ. ჭობარეთის ნამოსახლარ ბორცვზე ჩატარდა დიდი მოცულობის სამუშაოები: ნამოსახლარის გავრცელების დადგენის მიზნით გაიჭრა სადაზვერვო თხრილები, გაგრძელდა მაგისტრალური გაზსადენის გაყვანის დროს დაზიანებული და მის ქვეშ მოქცეული ადრებრინჯაოს ხანის ნაგებობების შესწავლა; `ციტადელზე~ გაიწმინდა და გამოვლინდა დამცავი კედლები - დადგინდა, რომ ამ ადგილზე გვიანბრინჯაოსა და ანტიკურ ხანაშიც გრძელდებოდა ცხოვრება, აქვე გამოვლინდა შუა საუკუნეების ნაშთები.

ძეგლის შესწავლის დროს გამოყენებულ იქნა კვლევის თანამედროვე მეთოდები: აეროფოტოგრაფირება, ლაზერული გეოდეზირება-კარტოგრაფირება, გეორადარით სკანირება. ადგილზე აღებულ იქნა ასეულობით ლაბორატორიული სინჯი, პალეობოტანიკური, პალინოლოგიური და ფოტოლითური განსაზღვრისათვის. ლაბორატორიულ კვლევაში, ქართველ და ავსტრალიელ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობდნენ საფრანგეთის - ნიცისა და მარსელის უნივერსიტეტის მეცნიერებიც. ნაგებობებიდან და კულტურული ფენებიდან დათარიღებისათვის აღებულ იქნა ხორბლისა და ნახშირის ათეულობით ნიმუში, საიდანაც მიღებულ იქნა 15 რადიოკარბონული თარიღი. ერთი ძეგლიდან ამდენი რადიოკარბონული თარიღების არსებობა, არათუ საქართველოსთვის, არამედ სამხრეთ კავკასიისთვისაც იშვიათია.

ექსპედიციის სამი წლის მუშაობის შედეგები (140 გვერდიანი)  გამოქვეყნდა 2013 წელს, ავტორიტეტულ კრებულში: Ancient Near Eastern Studies _ Archaeological Investigations at Chobareti in Southern Georgia, the Caucasus. ANES, Melburn University. Vol. 50:1-138,  2013.

ექსპედიციამ, გარდა ჭობარეთის გორის გათხრებისა, დაიწყო მტკვრის აუზში მდებარე სხვადასხვა პერიოდის ძეგლების გამოვლენა-აღრიცხვაც, GPS კოორდინატების აღება და მათი მსხვილმასშტაბიან რუკაზე დატანა. ამ მიზნით, 2013 წელს ორი რამდენიმეკაციანი ჯგუფი მუშაობდა.

ეროვნულ მუზეუმსა და ახალციხის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2012-2013 წ.წ. ექსპედიციაში საველე-არქეოლოგიური პრაქტიკა გაიარეს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებმა. აღნიშნული პრაქტიკა  მიმდინარე წელსაც ჩატარდება.

2014 წელს, ერთობლივი საველე სამუშაოები დაიწყება 10 ივნისს და გასტანს 20 ივლისამდე. ავსტრალიის მხრიდან, არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობას მიიღებს 25-კაციანი ჯგუფი. ჩატარდება პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები. წლის ბოლოს, ექსპედიციის მიერ ჩატარებული სამუშაოების, რიგით მეორე, ანგარიში მომზადდება.