წყალტუბოს ქვის ხანის შემსწავლელი საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია

20 მაისი 2014
Share

წყალტუბოს ქვის ხანის შემსწავლელი საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია

„სამხრეთ კავკასიის შუა და ზედა პალეოლითური ძეგლების დათარიღებისათვის"  - ასეთია სახელწოდება  იმ საერთაშორისო, ქართულ-ირლანდიური ერთობლივი სამეცნიერო ხელშეკრულებისა, რომელიც 2012 წელს დაიდო (პროექტის ხანგრძლივობა 2017 წლის ჩათვლით განისაზღვრა). პროექტის ქართულ მხარეს წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, ბატონი დავით ლორთქიფანიძე და წყალტუბოს ქვის ხანის შემსწავლელი საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, ბატონი თენგიზ მეშველიანი, ხოლო პარტნიორ მხარეს - ირლანდიის „დაბლინ ტრინიტი კოლეჯ"-ის პროფესორი ბატონი რინ პინჰასი. პროექტს ოდნავ მოგვიანებით შეუერთდა ისრაელის, ჰიბროუს არქეოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი, ქალბატონი ანნა ბელფერ-კოენი.

2013 წელს, საწურბლიას მღვიმეში სტაციონალური გათხრების ჩასატარებლად „საერთაშორისო ნაციონალურo გეოგრაფიული საზოგადოებისგან" მიღებულ იქნა გრანტი - „ადამიანის საზოგადოების შეგუება და ადაპტაცია სამხრეთ ამიერკავკასიაში ბოლო გამყინვარების მაქსიმუმში".

ხელშეკრულების თანახმად, ექსპედიციის დაფინანსება მთლიანად ირლანდიურმა მხარემ უზრუნველყო.

საქართველოდან პროექტში მონაწილეობენ: თენგიზ მეშველიანი, ისტორიის მეც. დოქტორი,  ექსპედიციის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ თნამშრომელი, ნინო ჯაყელი, ისტორიის მეც. დოქტორი, ხელმძღვანელის მოადგილე, ეროვნული მუზეუმის ქვის ხანის ფონდის კურატორი, ელისო ყვავაძე, პალინოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეც. დოქტორი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, რუსუდან ჩაგელიშვილი, გეოლოგია-მინერალოგიის მეც. დოქტორი, გეოლოგია-მინერალოგიის ფონდის კურატორი, გურამ ჩხატარაშვილი, დოქტორანტი, ბათუმის უნივერსიტეტის არქეოლოგიის განყოფილება, ანა თეთრუაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი, შოთა ბეზარაშვილი, არქეოლოგი, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური პროექტების მართვის ჯგუფი.

უცხოელი პარტნიორები:  რონ პინჰასი, „დაბლინ ტრინიტი კოლეჯ"-ის პროფესორი, ირლანდიის რესპუბლიკა, კეიტ ვილკინსონი, ვინჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი, ანნა ბელფერ-კოენი, ისრაელის, ჰიბროუს უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტი, გაი ბაროზი, ისრაელის ჰაიფას უნივერსიტეტის პროფესორი, ზინოვი მაცკევიჩი, ჰარვარდის უნივერსიტეტის დოქტორანტი.

2012-2013 წლებში, პროექტის ფარგლებში, უკვე მიღებულ იქნა ძალზედ საინტერესო მონაცემები ადამიანის ბოლო გამყინვარების მაქსიმუმში არსებობის შესახებ. დღესდღეობით, გათხრები ორ თხრილში იწარმოება (იხ. გეგმა).

თხრილში აღმოჩენილია საცხოვრებელი სათავასოს ნაწილი, რომელშიც მკაფიოდ ჩანს საცხოვრებელი იატაკების ოთხი დონე, და რაც ყველაზე საინტერესოა, ყველა იატაკს, ერთსადაიმავე ადგილას, ცენტრალურ ნაწილში, ცეცხლის კერა აქვს. მღვიმეების შესწავლის ისტორიაში, წლევანდელი აღმოჩენა, მღვიმეში ამ ტიპის საცხოვრებელი „ზონის" აღმოჩენის პრაქტიკულად პირველი შემთხვევაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოხერხდა ამ იატაკების დათარიღებაც - სამასწლიან დიაპაზონში, ძვ.წ.  14000-137000 წლებში.

დაახლოებით ერთ მეტრ სიღრმეზე არეული კულტურული ფენების ქვეშ, თხრილში, უკვე შეხვედრილი, იმგვარივე ზედაპალეოლითური მასალა დადგინდა; 2013 წლის აღმოჩენით, აქ არსებული ზედაპალეოლითური კულტურა პრაქტიკულად ისეთივეა, როგორიცაა ევროპაში ცნობილი, სამხრეთ გრავეტის კულტურა და რაკი მისი დიაპაზონი ცნობილია (16000 წლიდან ვიდრე 10000 წლამდე, ძვ.წ.), ამან შეიძლება მოგვცეს უფლება დასავლეთ საქართველოს ზედა პალეოლითში შეივსოს ის ჰიატუსი, რომელიც აქამდე არსებობდა (14000 წლიდან ვიდრე 10000 წლამდე, ძვ.წ.).

აღსანიშნავია, რომ ორწლიანი მუშაობის შედეგად, საწურბლიას მღვიმეში ასევე აღმოჩენილია ველური სელის ხელოვნურად დაგრეხილი ნიმუშები. იგეგმება ორივე თხრილში გაფართოვდეს გასათხრელი ფართობი, რაც ხელს შეუწყობს თხრილში სათავსოს რაობის დადგენას, ხოლო თხრილში ზედაპალეოლითური ფენების პრეპარაცია საშუალებას შექმნის მღვიმის სტრატიგრაფიის დადგენასთან ერთად, დადგინდეს მეორე მღვიმეში გასასვლელის არსებობა.

ამასთანავე, 2013 წელს, თენგიზ მეშველიანის ხელმძღვანელობით, შოთა რუსთაველის სახელმწიფო სამეცნიერო ფონდიდან მიღებულ იქნა სამეცნიერო, სამწლიანი გრანტი: „იმერეთის ქვის ხანის ზოგიერთი ძეგლის გვიან პლეისტოცენისა და ჰოლოცენის პერიოდის კულტურების გენეზისის საკითხისათვის".