ხიტა ქუთათელაძე (1924-1979)

05 აპრილი 2012
Share

2012 წლის 5 აპრილს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ გურამ (ხიტა) ქუთათელაძის გამოფენის გახსნაზე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 60-70წწ. ფერწერული ტილოები, როგორც კერძო ასევე ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან.

ხიტა ქუთათელაძე დაიბადა 1924 წელს, მხატვარ აპოლონ ქუთათელაძის ოჯახში. 1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ხოლო 1946-1949 წწ. სწავლობდა მოსკოვის ა.სურიკოვის სახ. სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტში.

მხატვრის ნამუშევრები სხვადასხვა დროს (1955-1979 წწ.) გამოფენილი იყო იტალიაში, შვედეთში, გერმანიაში, ბელგიაში, საბერძნეთში, პოლონეთში, ლიტვაში, რუსეთში.

ხიტა ქუთათელაძის ნამუშევრების პირველი პერსონალუ გამოფენა მოეწყო მხატვრის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს სურათების სახელმწიფო გალერეასა და მოსკოვში. 1983 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

მხატვრის ნამუშევრები დაცულია: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, საქართველოს საპატრიარქოს სურათების კოლექციაში, მოსკოვის ა. პუშკინის სახ. სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, მოსკოვის აღმოსავლეთის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ,,ლუდვიგის,, მუზეუმში (კიოლნი, გერმანია), კ.გლეიზერის კერძო კოლექციაში (საარბრიუკენი, გერმანია), ბობ და მერიონ როტშილდების კერძო კოლექციაში (აშშ) და სხვა კერძო კოლექციებში.

გამოფენა ხელოვნების მუზეუმში 2012 წლის 22 აპრილამდე გაგრძელდება.

მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქ. #1.