გამოფენა „ბიზანტია და ისლამი: გარდამავალი ხანა (VII-IX სს.)”

29 მარტი 2012
Share

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში (ნიუ-იორკი) წარმოდგენილია გამოფენა სახელწოდებით „ბიზანტია და ისლამი: გარდამავალი ხანა (VII-IX სს.)”. გამოფენის კურატორია შუა საუკუნეების მსოფლიოში აღიარებული ექსპერტი , მეტროპოლიტენის მუზეუმის ბიზანტიური კოლექციების კურატორი ელენ ევანსი.

გამოფენა მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში 2012 წლის 14 მარტიდან 8 ივლისამდე გაგრძელდება.

გამოფენა "ბიზანტია და ისლამი: გარდამავალი ხანა" პირველად სრულად წარმოგვიდგენს სამუზეუმო ექსპონატებს, რომლებიც ფოკუსირებულია VII-IX საუკუნეების აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების კულტურაზე. სამასი არაჩვეულებრივი ხელოვნების ნიმუში ფართო საზოგადოებისათვის ინოვაციურად წარმოაჩენს პირველი ასწლეულის მანძილზე ამ ორი სამყაროს კულტურულ ურთიერთობებს.

მსოფლიო მნიშვნელობის ამ გამოფენაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან წარმოდგენილია ბრინჯაოს დოქი (688-689წწ). გამოფენამდე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის რესტავრატორებმა მოახდინეს ნივთის გაწმენდა, რესტავრირება და შეფუთვა. ტრანსპორტირების ყველა წესის დაცვით საქართველოს ეროვნული მუზეუმის რესტავრატორების თანხლებით ბრინჯაოს დოქი მეტროპოლიტენ მუზეუმში საგამოფენოდ, დროებით იქნა გადატანილი.

გამოფენის გახსნას ნიუ-იორკში ესწრებოდნენ: საბერძნეთის არქიეპისკოპოსი ამერიკაში -დემეტრიოსი, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის პრეზიდენტი- ემილი რაფერთი, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი- ტომას კემპბელი, საქართველოს ელჩი გაეროში-კახა ლომაია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი- დავით ლორთქიფანიძე და სხვა საპატიო სტუმრები.

***

საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ და მათ ერთობლივად არაერთი საინტერესო პროექტი განუხორციელებიათ. UNEშჩO-ს მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შუა საუკუნეების კოლექციების ახალ საგამოფენო დარბაზებში წარდგენას.

2007 წლიდან მეტროპოლიტენ მუზეუმის ექსპერტებს ქართველი მეცნიერებისათვის არაერთი საინტერესო ლექცია-პრეზენტაცია ჩაუტარებიათ რესტავრაციის, გამოფენის მოწყობისა და დიზაინის თემაზე. ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები სტაჟირებას გადიან მეტროპოლიტენ მუზეუმში.

2008 წელს მეტროპოლიტენ მუზეუმში ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ რესტავრაცია-კონსერვაცია ჩაუტარდა ვანში 2007 წელს აღმოჩენილ ელინისტური ეპოქის (ძვ.წ. II-I სს.) იშვიათ მხატვრული ღირებულების სარიტუალო ბრინჯაოს უნიკალურ ნივთებს _ სასაკმევლეს და ჭრაქს.

2012 წლის სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს საერთაშორისო კონგრესს "21-ე საუკუნის მუზეუმები და მათი როლი ქალაქის განვითარებაში". კონგრესზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს წარმატებული მაგალითები და თანამედროვე ტენდენციები მსოფლიოს წამყვანი მუზეუმების პროექტებიდან, მათ შორისაა მეტროპოლიტენ მუზეუმიც.