აღმოჩენა მარნეულის რაიონის სოფელ ილმაზლოში

26 ივლისი 2011

2011 წლის 26 ივლისს 11.00 საათზე წარმოგიდგენთ მარნეულის რაიონის სოფელ ილმაზლოში პრევენციული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოჩენილი ნივთების პრეზენტაციას.

2011 წლის ივლისიდან "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ახორციელებს საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი, ახალი 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას. 

ხაზის დაპროექტების სამუშაოების მიმდინარეობისას გარდაბნის რაიონის სოფელ ილმაზლოსთან #53 ანძის განთავსების ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ პრევენციული არქეოლოგიური სამუშაოების დროს შეისწავლა ძვ.წ.აღ VII საუკუნით დათარიღებული წარჩინებული ქალის სამარხი, რომელშიც ოქროს სამკაულები - ბეჭდები და საყურეები, ასევე თიხის ჭურჭელი ცხოველის ნაშთები აღმოჩნდა.

აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ ეპოქაში (ადრერკინის ხანაში) ძვირფასი ლითონის ნაკეთობები ძალზედ იშვიათია. აღმოჩენილი ნივთები გამოირჩევა ნაკეთობის მაღალი დონით, ხოლო საყურეების ანალოგი ცნობილი არ არის.