გამოფენა რომში „ოქროს საწმისი. საქართველოს ანტიკური საგანძური”

17 ნოემბერი 2011
Share

17 ნოემბერი, 2011 - 5 თებერვალი, 2012 

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ნივთები წარმოდგენილია გამოფენაზე ოქროს საწმისი - ძველი საგანძური საქართველოდან რომის საიმპერატორი ფორუმების მუზეუმში Mercati di Triano,  რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და დედაქალაქ რომის კულტურულ ძეგლთა ზედამხედველობის სამსახური.

გამოფენა იმართება კულტურის ბიენალეს (2011 წლის სექტემბრიდან 2012 წლის აპრილამდე) - `აბრეშუმის გზა~ - ფარგლებში იტალიის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების პატრონაჟით, რომელშიც 12 ქვეყანა მონაწილეობს. ბიენალე ეძღვნება იმ სახელმწიფოებს, რომლებიც XIII საუკუნემდე აზიაში მარკო პოლოს მოგზაურობამდე, ევროპისათვის საიდუმლოს წარმოადგენდნენ.

გამოფენაზე სახელწოდებით "ოქროს საწმისი. საქართველოს ანტიკური საგანძური" წარმოდგენილია სხვადასხვა წლებში საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალა. მათ შორისაა ძვ.წ.  III ათასწლეულიდან ახ.წ. IV საუკუნემდე დათარიღებული ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა და ნახევრად ძვირფასი ქვებით შემკული სამკაულები, ჭურჭელი, სარიტუალო დანიშნულების ნივთები, მცირე ზომის ქანდაკებები და სხვა.