ედმონდ კალანდაძე - ფერწერა, გრაფიკა

10 ნოემბერი 2011

2011 წლის 10 ნოემბერს 19.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ ედმონდ (გაბრიელ) კალანდაძის ნამუშევრების გამოფენას.    

ედმონდ კალანდაძე ახალი ქართული ხელოვნების  უმნიშვნელოვანესი  ფიგურაა. ჯერ კიდევ  სამხატვრო აკადემიის სტუდენტობიდან, 1940-იანი წლების ბოლოდან, კალანდაძე, განსაკუთრებული ტალანტითა და აქტიურობით  გამოირჩეოდა. 

ამ პერიოდის ქართველ მხატვართა მოღვაწეობამ მთელ საბჭოთა სივრცეში ერთგვარი პოლიტიკურ-კულტურული მოვლენის სტატუსი შეიძინა. კალანდაძის შემოქმედებაში მკაფიოდ აისახა ეპოქის საერთო კულტურული ტენდენციები, როგორც ფორმალურ-სტილისტური, ასევე იდეურ-მსოფლმხედველობითი თვალსაზრისით.

კალანდაძის თითოეული ნამუშევარი სამყაროს მოდელის შექმნისა და მისდამი საკუთარი დამოკიდებულების  გამოხატვის აქტიური მცდელობაა. ყოველი ფერწერული ტილო წარმოგვიდგება მხატვრის მიერ შექმნილი და ჩვენთვის შემოთავაზებული მიკროსამყაროს სახით, რომელშიც ედმონდ კალანდაძისეული სამყაროს აღქმის, მისი ინტერპრეტაციისა და რეალიზების ინდივიდუალური მხატვრული მეთოდის სახით წარმოჩინდება. 

მის შემოქმედებაში დიდ როლს თამაშობს გრძნობა, ინტუიცია, ფერადოვანი ხედვა, ამასთანავე, მას სრულად აქვს გააზრებული სამყაროს მთელი მრავალფეროვნება და მისი ფერადოვანი, ფორმისმიერი თუ განწყობითი ნიუანსები. 

გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს ედმონდ კალანდაძის სახელოსნოსა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში დაცული მხატვრის 60-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი.

გამოფენა 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, გუდიაშვილის ქ. #1.