გამოფენა „სამი თაობა“

22 მარტი 2012
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი 2012 წლის 22 მარტს 17.00 საათზე წარმოგიდგენთ გამოფენას სახელწოდებით „სამი თაობა“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოები, გადაღებული ანჯეი პეჩოს (პოლონეთი), ბაია ლომსაძისა და ზურაბ ხორავას (საქართველო) მიერ.

პროექტის იდეა დაიბადა პოლონელი ფოტოგრაფის, ანჯეი პეჩოს 2008 წლის შემოდგომაზე და 2010 წლის ზაფხულში, საქართველოს მთიანეთში მოგზაურობის შედეგად. პირველი მოგზაურობისას გადაღებული ფოტოები ავტორმა პოლონეთში გამოფინა სახელწოდებით "საქართველო" და მიუძღვნა აგვისტოს ომის თემას. "სამი თაობის"'გამოფენაზე, წარმოდგენილია სწორედ ის ფოტოები, რომლებიც იხილა პოლონელმა დამთვალიერებელმა. აგრეთვე წარმოდგენილი იქნება ორი ქართველი ფოტოგრაფის, ბაია ლომსაძისა და ზურაბ ხორავას ნამუშევრები.

უმცროს თაობას წარმოადგენს ბაია ლომსაძე, რომლის მიერ შექმნილი სახასიათო პორტრეტები ცვლიან ავტორის დამოკიდებულებას გარე სამყაროს მიმართ. საშუალო თაობასთან გაიგივებულია ანჟეი პეჩო, ხოლო უფროსი თაობის წარმომადგენელია ზურაბ ხორავა, პროფესიით ფოტოჟურნალისტი. ფოტოებზე ასახულია თბილისის ხედები, ტაძრები და პორტრეტები.

გამოფენა 2012 წლის 3 აპრილამდე გაგრძელდება.

მისამართი: სიონის ქ.8, თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა.