საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციაბის ახალი სიცოცხლე

26 იანვარი 2012

2012 წელს იგეგმება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისლამური ხელოვნების კოლექციების ფართო საზოგადოებისათვის წარდგენა ახალ საგამოფენო სივრცეებში. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისლამური ხელოვნების კოლექციების ისტორიული და მხატვრული ფასეულობა ძალზე მაღალია, ხოლო ქრონოლოგიური და გეოგრაფიული სპექტრი ფართო.

პოსტსაბჭოთაAპერიოდის შემდგომ და მუზეუმის რეორგანიზაციის გამო უმრავლესი კოლექციები სამუზეუმო ფონდებში არასათანადო პირობებში იყო დაცული და მათი მხოლოდ მცირე ნაწილია იყო წარმოდგენილი საექსპოზიციო დარბაზებში. საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტები დაუღალავად მუშაობენ კოლექციებისათვის უკეთესი პირობების შესაქმნელად და მათი ახლებური კონცეფციით წარსადგენად.

წლების მანძილზე ექსპონატებისათვის შეუფერებელმა გარემომ მრავალი სახის ბიო-ბაქტერიული დაზიანება გამოიწვია. საქართველოს ეროვნული მუზეუმის რესტავრატორთა ჯგუფის მიერ ეტაპობრივად ხორციელდება დაზიანებული ნივთების  დამუშავება, გაწმენდა, სრული აღწერა და ციფრულ ფორმატში გადატანა.

2012 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით შეძენილ იქნა ანოქსიის აპარატი. ანოქსიის პროცესი გულისხმობს უჟანგბადო სივრცის შექმნას. დაზიანებული ექსპონატები თავსდება საგანგებოდ მომზადებულ „კარავში" სადაც ანოქსიის ხელსაწყოების მეშვეობით ხდება ჟანგბადის ჩანაცვლება არგონით. არგონით გამდიდრებულ სივრცეში იღუპება ექსპონატებისათვის სახიფათო ყველა ცოცხალი ორგანიზმი. აღნიშნული მეთოდი სრულიად უვნებელია როგორც ადამიანებისათვის, ასევე ექსპონატებისათვის. ჩატარებული სამუშაოების შემდგომ ექსპონირებამდე კოლექციები განთავსდება ეროვნული მუზეუმის ახალ საცავებში.

ანოქსიის მეთოდი არგონით სმიტსონის ინსტიტუციის მუზეუმების კონსერვაციის დირექტორმა რობერტ კოსტლერმა დანერგა. სწორედ სმიტსონის ინსტიტუციისა და ეროვნული მუზეუმის ხანგრძლივი თანამშრომლობის შედეგია დღევანდელ დღეს წარმოდგენილი ანოქსიის პროცესი, რომელიც ფართოდაა დანერგილი ამერიკისა და ევროპის წამყვან სარესტავრაციო ცენტრებში. ეს მეთოდი ეფექტურად გამოიყენება ორგანული წარმოშობის მასალის დასამუშავებლად.Dდღეიდან აღნიშნული მეთოდით შესაძლებელი გახდება არა მხოლოდ ეროვნული მუზეუმის, არამედ საქარველოს სხვა მუზეუმებისა  და ინსტიტუციების  კოლექციებისა და საარქივო მასალის დამუშავება-განკურნება.