თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის

20 მარტი 2012
Share

20 მარტს, 12.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ხელშეკრულებას ხელს თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე მოაწერენ.

მემორანდუმის თანახმად მხარეები ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სამუზეუმო სფეროების  მიმართულებით თანამშრომლობას გეგმავენ; შეიქმნება ერთობლივი სასწავლო პროგრამები, რაც სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს საშუალებას მისცემს სამეცნიერო-საგანმანათლებლო მიზნებისთვის აქტიურად გამოიყენონ  საქართველოს ეროვნულ მუზეუმში არსებული მძლავრი მატერიალური და ინტელექტუალური ბაზა.

უნივერსიტეტი და მუზეუმი ერთობლივად შეარჩევენ, იმ წარჩინებულ სტუდენტ-დოქტორანტებს, რომლებიც გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას ეროვნულ მუზეუმში, ამავე დაწესებულებაში  შესაძლო შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. მხარეები თანხმდებიან, ძალისხმევა არ დაიშურონ ერთობლივი სამეცნიერო-სასწავლო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსებისა და სტიპენდიების მოძიებისათვის.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი