ღამე მუზეუმში

16 იანვარი 2012

2012 წლის 16 იანვარს, 19.00 - დან 22.00 საათამდე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს უნივერსიტეტი ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ კულტურულ-საგანმანათლებლო აქციას „ღამე მუზეუმში".

აღნიშნული აქცია თბილისის 100 სკოლის დირექტორს აძლევს შესაძლებლობას შემეცნებითი, თეატრალიზირებული ღონისძიებების თანხლებით დაათვალიერონ გალერეის ექსპოზიცია.

პროგრამის პრეზენტაცია  ეროვნული გალერეის ეზოში დაიწყება. სტუმრებს, მუსიკის თანხლებით, გალერეის ექსპოზიციის ცნობილი ნამუშევრებიდან მსახიობთა მიერ „გაცოცხლებული" სხვადასხვა პერსონაჟები უმასპინძლებენ. გალერეის კედელზე ნაჩვენები იქნება ექსპოზოციაში წარმოდგენილი პერსონაჟების პროექცია.

სტუმრებს გალერეის დარბაზებში  ელოდებათ საინტერესო სანახაობა  მუსიკის თანხლებით,  სადაც მსახიობთა მიერ ცოცხლდება სხვადასხვა პერსონაჟი გალერეის ექსპოზიციის ცნობილი ნამუშევრებიდან  -  ნ. ფიროსმანი: „გოგონა ბუშტით", „მეთევზე", „აქტრისა მარგარიტა"; გ. გაბაშვილი "სამარყანდელი"; ი. შტენბერგი "მენიუ"; დ. კაკაბაძე „ავტოპორტრეტი"; ლ. გუდიაშვილი „კინტოე ბი"; ქ. მაღალაშვილი "ე. ახვლედიანის პორტრეტი", დ. შევარდნაძე „ავტოპორტრეტი"; შ. ქიქოძე „კაფეში", „გურული ქალი", „აჭარა"; მ. ბილანიშვილი „ქალის პორტრეტი"; უ. ჯაფარიძე "დედის ფიქრები"; ი. თოიძე „ა. თოიძის პორტრეტი".

სტუმრებს საგამოფენო დარბაზებში გიდთან ერთად მსახიობთა მიერ განსახიერებული მხატვრები წარუძღვებიან  - დიმიტრი შევარდნაძე, ელენე ახვლედიანი, ნიკო ფიროსმანი.

ექსპოზიციის დათვალიერების შემდეგ გაიმართება ვიქტორინა. გამარჯვებულებს გადაეცემათ მუზეუმის სუვენირები და სხვადასხვა გამოცემები. ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს უნივერსიტეტი და  ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი.

 პერსონაჟებს ასახიერებენ ლიტერატურის თეატრის მსახიობები და შ. რუსთაველის სახელობის  თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებენ  კონსერვატორიის სტუდენტები და ე. მიქელაძის სახელობის მეორე მუსიკალურ ნიჭიერთა ათწლედის მოწაფეები.

ღონისძიებას გახსნიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და საქართველოს უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გიული ალასანია.