პრეს კონფერენცია

06 მარტი 2012
Share

2012 წლის 6 მარტს 11:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება პრეს-კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება საერთაშორისო კონგრესს ,,21- საუკუნის მუზეუმები და მათი როლი ქალაქის განვითარებაში".

2012 წლის 19-22 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმი უმასპინძლებს საერთაშორისო კონგრესს. ამ მასშტაბის ფორუმი რეგიონში პირველად ტარდება. კონგრესში მონაწილეობას იღებენ ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვანი მუზეუმების ხელმძღვანელები და საყოველთაოდ აღიარებული არქიტექტორები. ამ ფორუმის მთავარი თემებია: სამუზეუმო გაერთიანებები და მათი როლი ქალაქისა და ტურიზმის განვითარებაში; მუზეუმები და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური გარემო.

კონგრესსზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს წარმატებული მაგალითები და თანამედროვე ტენდენციები ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების, ლუვრის, ბრითიშ მუზეუმის, მეტროპოლიტენ მუზეუმის, სმიტსონონიანის ინსტიტუციის, ასევე, სინგაპურის, ქატარისა და აბუდაბის ცნობილი სამუზეუმო პროექტებიდან.რატომ ტარდება ეს წარმომადგენლობითი კონგრესი თბილისში და არა ბერლინში, ბარსელონასა თუ ნიუ იორკში?!  ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ დიდი ქალაქების ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ღრმად გააზრებული ურბანული ქსელის განვითარებას. ბერლინის მუზეუმების კუნძულისა და სხვა ცნობილი მაგალითების მსგავსად, თბილისის სამომავლო განვითარებაში უნიკალური პოტენცია აქვს მუზეუმების ქუჩას.

თბილისის მუზეუმების ქუჩის პროექტი დიდი ხანია არსებობს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის შექმნით დაიწყო რეფორმა, რომელიც მუზეუმების სისტემის (ქსელის) ფორმირებას ითვალისწინებს. განახლებული შენობებით, ახალი ექსპოზიციებით, დინამიური პროგრამებით და მართვის თანამედროვე მეთოდებით წარმოდგენილ მუზეუმების ქსელს შესაძლებლობა აქვს შეიტანოს წვლილი საზოგადოებისა და ქალაქის განვითარებაში. ამ იდეის ჩამოყალიბება  2005 წელს დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს. სტუდია ,,მილუს" მიერ 2006 წელს შემუშავდა გენერალური გეგმის საწყისი ვერსია, რომლის მიხედვითაც 2007-11წწსიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმისა და ეროვნული გალერეის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა.

2010 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული უწყებათა შორის დამეგობრების  ,,თვინინგის" პროექტის ფარგლებში მჭიდროდ თანამშრომლობს ბერლინის სახელმწიფო მუზეუმებთან სამუზეუმო ქუჩის გენერალური გეგმის დეტალიზაციაზე.   საერთაშორისო კონგრესის თანამდევი ღონისძიებაა გამოფენა ,,ბერლინის მუზეუმების კუნძული და თბილისის სამუზეუმო ქუჩა - ქალაქის განვითარების მამოძრავებელი ძალა, რომელიც / 20 სექტემბერს გაიხსნება და ორი თვე გაგრძელდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. გამოფენაზე ხაზი გაესმება მუზეუმების კუნძულის უახლოეს განვითარებას და მის გავლენას ბერლინის კულტურულ ცხოვრებასა და ეკონომიკურ წინსვლაზე. ამ გამოცდილების საფუძველზე სამუზეუმო ქუჩის განახლებული გენერალური გეგმა წარმოაჩენს ამ პროექტის შესაძლებლობებს თბილისში. ბერლინის მუზეუმების კუნძული, ანუ ბერლინის მუზეუმების გული, 1999 წლიდან UNESCO- მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

საერთაშორისო კონგრესის ორგანიზატორები არიან: გოეთეს ინსტიტუტი თბილისში, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმები - პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. პროექტი დაფინანსებულია გოეთეს ინსტიტუტის ცენტრალური ოფისისა და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების მიერ

პრეს-კონფერენციას წაუძღვებიან ორგანიზატორი დაწესებულებების ხელმძღვანელები და ქალაქ თბილისის მერი.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის .1