„თედექსი'' (TEDx) თბილისში

11 თებერვალი 2012

„თედექს-თბილისის" (TEDxTbilisi) პირველი ღონისძიება შედგება 11 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ერთდღიანი კონფერენცია „თედექს-თბილისი", არის „თედის" (TED) ნებართვითა და შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ადგილობრივად ორგანიზებული ფორუმი, რომელზეც მოხდება საინტერესო და კრეატიული იდეების  გაზიარება.

კონფერენციის ზოგადი თემაა „გრძელვადიანი ხედვა". ამ თემით ორგანიზატორების მიზანია იმის ხაზგასმა, რომ თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სწრაფი რითმის მიუხედავად, საზოგადოებაში, ეკონომიკასა და კულტურაში მიმდინარე პროცესები თავს იყრიან განვითარებისა და ზრდის საერთო, გრძელვადიან გზაზე. ღონისძიების მთავარი ამოცანაა იმ უნიკალური და ინოვაციური იდეების/მიღწევების წარმოჩენა, რომლებსაც საფუძველი საქართველოში ან საქართველოსთან კავშირში ჩაეყარა.

„თედის" ტრადიციული ფორმატის შესაბამისად, ღონისძიების თითოეული მომხსენებელის წინაშე იდგება საპასუხისმგებლო ამოცანა, აუდიტორიას წარუდგინონ მათი პროფესიული კარიერის საუკეთესო პრეზენტაცია .  ღონისძიებაზე სპეციალურად მოწვეულ მომხსენებელთა შორის არიან ქართული და საერთაშორისო საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და, გამოჩენილი მოღვაწეები, მათ შორის საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, პროფესორი დავით ლორთქიფანიძე და მისი აღმატებულება შვედეთის ელში საქართველოში დიანა იანსე.

"თედექს-თბილისის" პირველი ღონისძიებისთვის მომხსენებელთა შერჩევა მოხდა რამდენიმე ძირითად კრიტერიუმზე დაყრდნობით. მათ შორის უმთავრესი, ამ ადამიანთა პროფესიული მიღწევები და დამსახურებებია, აგრეთვე ის გავლენა, რომელიც იქონია მათმა პროფესიონალიზმმა და ხედვამ შემდგომი თაობების შთაგონების თვალსაზრისით. ამასთან, ორგანიზატორების მიზანი იყო გაემრავალფეროვნებიათ ღონისძიება, შესაბამისად მომხსენებელთა შერჩევისას ყურადრება ექცეოდა იმ გარემოებასაც, რომ,  შეძლებისდაგვარად, წარმოდგენილი ყოფილიყო ბევრი სხვადასხვა სფერო - მეცნიერება, ხელოვნება, დიპლომატია და სხვა.

„ჩვენ მოგვეცა  შესაძლებლობა გავაცნოთ „თედექსის" ფორმატი თბილისს და  წარვუდგინოთ თბილისი „თედის" და „თედექსის" მრავალრიცხოვან საერთაშორისო აუდიტორიას. ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ ამ დინამიურ ღონისძიებაში მონაწილეობას  ცნობილი და დამსახურებული ადამიანები მიიღებენ. ძალიან სასიხარულოა ისიც, რომ ღონისძიების პროგრამა მრავალფეროვანი და საინტერესო გამოვიდა.  საქართველოში გრძელდება კულტურული, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებები, რის შედეგადაც, ქვეყანა კვლავ წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოებისთვის შთამბეჭდავ და საინტერესო სივრცეს. "თედექსის" კონფერენცია მშვენიერი გზაა ამის წარმოსაჩენად და საზოგადოებისთვის იმის შესახსენებლად, რომ  ყოველდღიური ვალდებულებების მიღმა, გრძელვადიანი ხედვა და ვალდებულებები არსებობს," განაცხადა „თედექს-თბილისის" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, დებორა ფეირლემბმა.           

ღონისძიებაზე დასწრება მსურველებს შესაბამისი განაცხადის წარმოდგენის საფუძველზე შეეძლებათ. განაცხადების შევსება 21 იანვრიდან, "თედექს - თბილისის"  ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი: www.tedxtbilisi.com. ხაზგასასმელია, რომ "თედისაგან" მიღებული ლიცენზიის პირობების შესაბამისად, ღონისძიებაზე დაშვებული ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და ასი სტუმრის მიღების შესაძლებლობას იძლევა. ამ ადამიანთა შერჩევა მსურველთა საერთო რაოდენობიდან, განაცხადების შემოტანის თანმიმდევრობის მიხედვით მოხდება - მოსაწვევს პირველი ასი განმცხადებელი მიიღებს. მათ კი, ვინც ვერ მოხვდება მოწვეულთა სიაში, შესაძლებლობა ექნებათ ადევნონ თვალყური ღონისძიებას "თედექს - თბილისის" ვებგვერდზე გაშვებული პირდაპირი ვიდეო-ტრანსლირების მეშვეობით.  

ადგილობრივად და დამოუკიდებლად ორგანიზებული კონფერენცია "თედექსი"-ს განცხორციელება საქართველოში, შესაძლებელი გახდა რამდენიმე მოწინავე ქართული ორგანიზაციის თანადგომითა და დახმარებით. მათ შორის განსაკუთრებით ხაზგასასმელია საქართველოს ბანკის, Itnovations-ის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წვლილი. 

„თედექს-თბილისის" საორგანიზაციო ჯგუფის წევრები, სპონსორები და მომხსენებლები დაესწრებიან პრესკონფერენციას, რათა უფრო ვრცლად ისაუბრონ "თედის" და "თედექს - თბილისის" შესახებ.

„თედექსის" (TEDx) ფორმატის შესახებ:

"თედექს-თბილისი" არის "თედექსის" გლობალური კონფერენციებისა და ღონისძიებების ქსელის წევრი,  რომლის ზოგადი მიზანი არაორდინარული, საინტერესო, შთამაგონებელი იდეების გავრცელებაა. "თედექსი" არის "თედის" საერთაშორისოდ სახელგანთქმული კონფერენციის ნებართვით,  ადგილობრივ დონეზე და ადგილობრივი ძალებით ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც "თედის"  ცნობილი კონფერენციების მოყვარულ ადამიანებს აერთიანებს. "თედექსის" (TEDx) საერთო ნიშანში მითითებული „x" სწორედ ამგვარად, დამოუკიდებლად ორგანიზებულ "თედის" ღონისძიებაზე მიუთითებს. „თედის" ცნობილი ორგანიზაცია ზოგად ხელმძღვანელობასა და მონიტორინგს უწევს მთელს მსოფლიოში ლოკალურად ორგანიზებულ „თედექსის" კონფერენციებს, თუმცა  ცალკეული „თედექს" ღონისძიებები, ამავდროულად, არსებითად დამოუკიდებელად  დაგეგმილ ინიციატივას წარმოადგენენ.

„თედის" (TED) შესახებ:

„თედი" არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მთავარი მისია სხვადასხვა სფეროში აღმოცენებული განსაკუთრებული და შთამაგონებელი იდეების გავრცელებაა. თედის პირველი, 4 დღიანი კონფერენცია 26 წლის წინ, კალიფორნიაში შედგა. დროთა განმავლობაში „თედი" მთელს მსოფლიოში პოპულარულ და ცნობად ფორუმად იქცა, რომელიც  კრეატიული ინიციატივების, მნიშვნელოვანი მიღწევებისა და არაორდინარული იდეების გავრცელებას უწყობს ხელს. ამ მიზნისთვის, „თედი" მსოფლიოს მოწინავე მოაზროვნეებსა და საზოგადო მოღვაწეებს იწვევს და აკისრებს მათ, 18 წუთიანი პრეზენტაციის ფორმატში, თავიანთი ცხოვრების საუკეთესო სიტყვით გამოსვლის საპასუხისმგებლო ამოცანას. "თედის" ეგიდით გაკეთებული მოხსენები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის ორგანიზაციის ვებგვერდზე:  www.ted.com.  „თედის" კონფერენციების  მონაწილეთა შორის არიან ისეთი ცნობილი და დამსახურებული მომხსენებლები, როგორებიცაა ბილ გეითსი, ჯეინ გუდალი, ელიზაბეთ გილბერტი, სერ რიჩარდ ბრენსონი, ბენუა მანდელბროთი, ფილიპ სტარკი, ნგოზი ოკონიო-იუეალა, ისაბელ ალენდე და გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გორდონ ბრაუნი. ყოველწლიურად "თედის" ორი ძირითადი ღონისძიება ეწყობა - საგაზაფხულო "თედ" კონფერენცია კალიფორნიაში, ლონგ-ბიჩში, ხოლო საზაფხულო "თედ-გლობალ" კონფერენცია - შოტლანდიაში, ედინბურგში.

„თედის" მედია არხები მოიცავს ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდს www.ted.com-ს, რომელზეც ყოველდღიურად ახალი მოხსენებები თავსდება. აგრეთვე "თედ საუბრებს" (TED Conversations), რომლებიც ერთგვარ სადისკუსიო სივრცეს ქმნიან "თედის" გულშემტკივრებისათვის და „ღია თარგმანის პროექტს" (Open Translation Project), რომლის ფარგლებშიც მოხალისეებს ეძლევათ შესაძლებლობა "თედ" მოხსენებები სხვადასხვა ენაზე თარგმნონ (იქმნება სუბტიტრები და ინტერაქტიული ტრანსკირფციები).

„თედს" აგრეთვე დაწესებული აქვს ყოველწლიური პრიზი, რომლითაც გამორჩეულ პიროვნებებს, საინტერესო იდეების ავტორებს ეძლევათ ამ იდეების ხორცშესხმის და ამ გზით მსოფლიოს შეცვლის შესაძლებლობა. გარდა ამისა, "თედის" გულშემატკივრებს - ცალკეულ პიროვნებებს თუ საინიციატივო ჯგუფებს -  „თედექსის" საშუალებით  შეუძლიათ ადგილობრივ, ლოკალურ "თედ" ღონისძიებებს უმანსპინძლონ, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. "თედის" ფორმატში ასევე არსებობს სპეციალური "თედ პროგრამა" (TED Fellows program), რომელიც ეხმარება ინოვატორებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, გადხნენ „თედის" საზოგადოების წევრები და ამ გზით გაზარდონ/გააძლიერონ მათი  იდეებისა და პროექტის პოზიტიური გავლენა და ეფექტი. 

მომავალი „თედ-კონფერენციების" შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.ted.com/registration;

დამატებითი ცნობების მიღება აგრეთვე შესაძლებელია  „თედის"ანგარიშებზე Twitter-სა და facebook-ზე:
http://twitter.com/TEDTalks
და http://www.facebook.com/TED