დმანისის პალეოანთროპოლოგიური საველე სკოლა 10 წლისაა

13 აგვისტო 2019
Share

დმანისის პალეოანთროპოლოგიური საველე სკოლა 10 წლისაა. 

დმანისში სტუდენტების ინტერნაციონალურ ჯგუფს ყოველწლიურად ვმასპინძლობთ. დმანისის პალეოანთროპოლოგიური საველე სკოლა დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის ბაზაზეა შექმნილი. ოთხკვირიანი საგანმანათლებლო პროექტი მოიცავს როგორც პრაქტიკულ სამუშაოებს (გათხრებს), ასევე თეორიულ ნაწილს ლექციების სახით. სკოლა ინტერდისციპლინარულია. აქ საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად, მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების პროფესორები კითხულობენ ლექციებს.

პროექტის მიზანია შეიქმნას ძლიერი საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ახალგაზრდა მეცნიერები აიმაღლებენ კვალიფიკაციას და გაეცნობიან ახალ კულტურებს. მონაწილეებს საშუალება აქვთ თავად ნახონ თუ როგორ მიმდინარეობს თანამედროვე სამეცნიერო კვლევები.

მოთხოვნა სკოლაში მონაწილეობაზე ყოველწლიურად მატულობს და მონაწილე ქვეყნების სიაც ფართოვდება. ათი წლის განმავლობაში საველე სკოლაში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა ავსტრალიიდან, აშშ-დან, ბრაზილიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ეთიოპიიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, მექსიკიდან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, ფილიპინებიდან, შვეიცარიიდან და, რა თქმა უნდა, საქართველოდან.

2019 წლის ჩათვლით, საველე სკოლას 82 კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც დღეს წარმატებით აგრძელებენ კვლევებს სხვადასხვა უნივერსიტეტში.

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით საველე სკოლის ვებგვერდსა და Facebook-ზე.