ლეჩხუმის (ცხეთა-დეხვირის) არქეოლოგიური ექსპედიცია 2019

25 ივლისი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგთა გუნდი ლეჩხუმის (ცხეთა-დეხვირის) არქეოლოგიურ ექსპედიციაში იმყოფება. ექსპედიციები უკვე მე-8 წელია ყოველწლიურად მიმდინარეობს. 

ცაგერის მუნიციპალიტეტი 2012 წლიდან აფინანსებს ეროვნული მუზეუმის „ლეჩხუმის (ცხეთა-დეხვირის) არქეოლოგიურ ექსპედიციას", რომლის ხელმძღვანელია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო სულავა, ამავე ექსპედიციის შუა საუკუნეების რაზმის ხელმძღვანელია როლანდ ისაკაძე.

ამ ეტაპისთვის უკვე შესწავლილია ძვ.წ. VIII-V საუკუნეების კოლხური ნასახლარის და ანტიკური ხანის სამაროვნის ნაწილი, რომლის მნიშვნელოვანი მასალა ცაგერის ისტორიულ მუზეუმშია დაცული. შესწავლილია ასევე დეხვირის ციხეების კომპლექსი, სადაც აღმოჩენილია მცირე ზომის ბაზილიკური ეკლესია.

არქეოლოგიური გათხრები კოლხურ ნასახლარზე და დეხვირის ციხეზე წელსაც გრძელდება. მიმდინარე ექსპედიციის დროს, აღმოჩნდა კოლხური ნასახლარის კულტურული ფენები კოლხური კერამიკის მრავალფეროვანი ტიპებით და ახალ უბანზე უძველეს მეტალურგიასთან დაკავშირებული ატრეფაქტები.

აღმოჩენილი მასალა გადაეცემა ცაგერის ისტორიულ მუზეუმს.

ექსპედიცია 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო და 29 ივლისს დასრულდება.