მუზეუმის ფესტივალი ◆ უილიამ ოზგულდ ფილდის ფილმის ჩვენება

16 მაისი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, 18-25 მაისს, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიმართება უილიამ ოზგულდ ფილდის ფილმის ჩვენება.

ამერიკელი გლაციოლოგი, მოგზაური და ფოტოგრაფი უილიამ ოზგულდ ფილდი 1904 წლის 30 იანვარს ნიუ-ორკში დაიბადა. 1929, 1931 და 1933 წლებში მან, როგორც მყინვარების მკვლევარმა, მყინვარების შესასწავლად არაერთხელ იმოგზაურა საქართველოში. კვლევების დროს ფირზე იღებდა და ასახავდა ქვეყნის ლანდშაფტსა და ხალხს. გადაიღო 500-მდე ფოტოსურათი და სამი ეთნოგრაფიული ფილმი ქართლში, ხევსურეთსა და სვანეთში. საკუთარ დღიურებში კი ასობით გვერდი მიუძღვნა ქვეყნისა და ტრადიციების აღწერას.

მან თავის ფოტოებში 20-30-იანი წლების ქართული ეპოქა გააცოცხლა. თვენახევრის განმავლობაში მან ფეხით მოიარა სვანური სოფლები და ყველაფერი ფირზე აღბეჭდა. სწორედ მისი  ფილმის საშუალებით ვიგებთ, როგორი იყო სვანეთი 20-30-იან წლებში. ფილმში ასახულმა სვანი ხალხის ყოფა-ცხოვრების უნიკალურმა კადრებმა გააცოცხლა სვანეთის წარსული. ოზგულდ ფილდმა დღიურებში დაწერა რომ როგორც სვანეთში, ასე გულთბილად მას არავინ არსად გამასპინძლებია. „თუ არ გინახავს სვანეთი და საქართველო, შენ  ნახევარი ადამიანი ხარ" - ასე ეუბნებოდა ფილდი თავის ქალიშვილს.

ფილდი 90 წლის ასაკში, 1994 წლის 16 ივნისს გარდაიცვალა.


ფილმის ჩვენებები: 18-25 მაისი

მისამართი: სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი / მესტია, ა. იოსელიანის ქ.7