ლევან მოსიაშვილი - „გზა თავისუფლებისკენ"

01 აპრილი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ლევან მოსიაშვილის ნამუშევრების გამოფენას „გზა თავისუფლებისაკენ" სიღნაღის მუზეუმში.

ლევან მოსიაშვილმა დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტი, დაეუფლა თეატრის რეჟისორის პროფესიას, მოიპოვა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი და გრძელი გზა განვლო კახური პეიზაჟების შექმნიდან კუბიზმსა და აბსტრაქციამდე. უკვე ოცი წელია, მხატვრობა მისი ერთადერთი პროფესიაა, თუმცა ხელოვნების ამ დარგში აკადემიური განათლება არასოდეს მიუღია. ხელოვანი თამამია ფერთა შეხამებაში, გამოხატვის ფორმებში და საკუთარ ვნებად მთას მიიჩნევს.

მხატვრის შემოქმედებაში ოთხი განსხვავებული ეტაპი იკვეთება. შთაგონების პირველი წყარო მშობლიური კახეთია. კახელი გლეხების ყოფა-ცხოვრება, მათი ტკივილი, ლხინი თუ საზრუნავი ამ პერიოდის ნამუშევრების ძირითადი თემატიკაა. ლევან მოსიაშვილის შემოქმედების მეორე ეტაპი მთლიანად თბილისს მიეძღვნა.

შემოქმედების ქართული პერიოდის შემდეგ ლევან მოსიაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა საფრანგეთში გაგრძელდა, რამაც მხატვრის ფერები და სტილი შეცვალა და კუბიზმისადმი მისი დაინტერესება გამოიწვია. ბოლო ორი წელია მხატვარი „ფილოსოფიური აბსტრაქციით" არის გატაცებული და მიიჩნევს, რომ პიროვნული თავისუფლების გამოხატვის მწვერვალზეა.

ლევან მოსიაშვილმა მრავალ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა. მისი პერსონალური გამოფენები მოეწყო ლიონში, პარიზში, ნიცასა და ტულუზაში, პერუჟის, ტურნეფოისა და ვერდიეს საგამოფენო სივრცეებში. მხატვრის ნამუშევრები კი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციასა და გალერეაში ინახება. მათ შორისაა: საქართველო, საფრანგეთი, რუსეთი, აშშ, გერმანია, შვეიცარია, იტალია, ურუგვაი, ვენესუელა, იაპონია და სხვა.

გამოფენა ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ფრანგულ-ქართული კულტურის ასოციაცია "La Georgie au centre"-ს ორგანიზებით და სიღნაღის მერიის მხარდაჭერით.

გამოფენის გახსნა: 6 აპრილი | 15:00

გამოფენის ხანგრძლივობა: 6 აპრილი - 30 ივნისი | 2018

მისამართი: სიღნაღის მუზეუმი, შ. რუსთაველის ჩიხი 8. სიღნაღი, საქართველო