ლევან ბერძენიშვილის ლექცია „კედელთან მიყენებული მწერლობა"

06 მარტი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლს გამოფენის ფარგლებში - "წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები"

10 მარტს, 16:00 საათზე, ლევან ბერძენიშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე „კედელთან მიყენებული მწერლობა".

ტრაგედია იყო, რომ ოცდაათიანი წლების რეპრესიებმა შეიწირეს ქართველი მწერლები და, ისტორიის თვალსაზრისით, არანაკლები ტრაგედია იყო, რომ ამ საშინელმა პროცესმა შეიწირა ქართული მწერლობაც, ვინაიდან ცოცხლად დარჩენილი მწერლები გადარჩნენ როგორც ფიზიკური არსებები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში როგორც მწერლები.

„შენ, შენ დაეცი იმ წელს, როცა საქართველოზე კაენის სულის აღზევებამ გადისრიალა", - ასე გამოეხმაურა პოეტი პოეტის თვითმკვლელობას... კაენის სულმა შეიწირა ქართველი მწერლები: მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ნიკოლო მიწიშვილი და უამრავი სხვა. ქვეყნდებოდა რეპრესირებულთა და არარეპრესირებულთა ჩვენებები, რომელშიც მოთხრობილია ქართული ინტელიგენციის "მავნებლური", "შპიონური", "აგენტურული", "კონტრრევოლუციური" საქმიანობის თაობაზე. ამავე დროს ამ ეპოქამ დაასამარა ცოცხლად დარჩენილთა შემოქმედება, რომელშიც შეაღწია არა მხოლოდ შიშმა და კომპრომისმა, არამედ ნამდვილი ხელოვნების ყველაზე უფრო დაუნდობელმა მტერმა - გულგრილობამ.

ლექციის დრო: კვირა, 10 მარტი, 16:00 საათი 
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3 

ლექციაზე დასწრება თავისუფალია!