დიდოსტატები ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან

01 მარტი 2019
Share

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ გამოფენას „დიდოსტატები ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან". 

გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს XIX საუკუნის II და XX საუკუნის I ნახევრის ქართული სახვითი ხელოვნების ნიმუშებს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და თბილისის ისტორიის მუზეუმის კოლექციებიდან.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია გიგო გაბაშვილის, მოსე თოიძის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, ალექსანდრე ციმაკურიძის, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის, დიმიტრი შევარდნაძის, სერგო ქობულაძის, ირინა შტენბერგის, მიხეილ ბილანიშვილის, ფელიქს ვარლამიშვილისა და თამარ აბაკელიას ნამუშევრები - იმ მხატვრების შემოქმედება, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს XX საუკუნის ხელოვნებას საქართველოში.

XIX-XX საუკუნის სახვითი ხელოვნების ფართო სპექტრით წარმოჩენა ცხადყოფს ქართული მხატვრული სკოლის მრავალფეროვნებას, ევროპულ თანადროულ მხატვრობასთან მის მიმართებას და ამავე დროს მკვეთრად გამოხატულ ეროვნულ თავისებურებას. 

აღნიშნული გამოფენა, ეროვნულ გალერეაში მიმდინარე სხვა გამოფენებთან („ეროვნული გალერეის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია", „ქართული ხელოვნების ოსტატები") ერთად, ქართული მხატვრობის განვითარების საერთო სურათის სრულად აღქმის საშუალებას გვაძლევს.  

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ.11