ნონა კუპრეიშვილის ლექცია: "ვახტანგ კოტეტიშვილი - უცნობი წერილები"

29 იანვარი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი იწყებს საჯარო ლექციათა ციკლს გამოფენის „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები" ფარგლებში.

ლექციათა ციკლის პირველი მომხსენებელი - ლიტერატორი, ფილოლოგიის დოქტორი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნონა კუპრეიშვილი წაიკითხავს ლექციას „ვახტანგ კოტეტიშვილის უცნობი წერილები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე".

ფოლკლორისტი, ლიტერატურის ისტორიკოსი, ხელოვნების თეორეტიკოსი, მხატვარი, მოქანდაკე, ესეისტი, სოციოლოგი და პუბლიცისტი ვახტანგ კოტეტიშვილი სოციალ-ფედერალისტების კონტრნაციონალისტური, ჯაშუშური, მავნებლური ჯგუფის წევრობის აბსურდული ბრალდებით 1937 წლის 5 ნოემბერს დააპატიმრეს და რამდენიმეთვიანი სასტიკი წამების შემდეგ, 1938 წლის მარტში დახვრიტეს.

ვახტანგ კოტეტიშვილი მეოცე საუკუნის ქართული მოდერნიზატორული პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე იყო. ამ რენესანსული ტიპის მოღვაწემ შექმნა არაერთი მონოგრაფია, გამოკვლევა თუ წერილი მწერლობისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგში. ლიტერატურასა და ხელოვნებაზე შექმნილ სტატიებში მან გამოამჟღავნა სწრაფვა სინთეტური ხელოვნებისკენ, რაც ევროპული მოდერნიზმის ეროვნულ ნიადაგთან შეთვისებას გულისხმობდა. ვახტანგ კოტეტიშვილის ტექსტები დღესაც ინარჩუნებს აქტუალურობას და საინტერესოა სხვადასხვა თაობისა და პროფილის მკვლევართათვის.

ლექციის დრო: 3 თებერვალი, 16:00 საათი

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3

ლექციაზე დასწრება თავისუფალია!