არტ ინკუბატორის პრეზენტაცია თბილისის ისტორიის მუზეუმში

25 იანვარი 2019
Share

თბილისის კრეატიულ ცენტრში, რომელიც კულტურისა და ინოვაციების ინტეგრირების მიზნითა და კრეატიული ინდუსტრიების სამეწარმეო აქტივობების მხარდასაჭერად შეიქმნა, არტ ინკუბატორი იწყებს ფუნქციონირებას.

არტ ინკუბატორი ოფიციალურად 30 იანვარს 19:00 საათზე გაიხსნება.
ღონისძიებას გაუძღვებიან: ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ანდრო რურუა, საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი ზაზა ფურცელაძე, და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე. 

არტ ინკუბატორი იქნება თბილისის კრეატიულ ცენტრში განთავსებული ერთეული, რომელიც შესაძლებლობას მისცემს კულტურის და კრეატიულ ინდუსტრიებში მომუშავე პირებს შექმნან სტარტაპები, მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისურის ცოდნა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ გამართულ სემინარებში.

არტ ინკუბატორის პარტნიორია მსოფლიო რეიტინგის 20 საუკეთესო სამეწარმეო ცენტრებს შორის დასახელებული ბრიტანული Henley Center for Entrepreneurship, რომლიც გამართავს კრეატიული იდეების ფესტივალს, დააწესებს ინოვაციური მეწარმეობის ჯილდოს.

არტ ინკუბატორის წევრი მიიღებს ცოდნას, კრეატიული სტარტაპ იდეის გენერირებიდან იდეის კომერციალიზაციამდე, სრული ციკლის გასავლელად, აგრეთვე, მისთვის საჩუქრად გაიხსნება ბრიტანული საბჭოს მიერ მოწოდებული პლატფორმა English Learning Programme - English Channel.

ინკუბატორის წევრი, ასევე, შეძლებს უკვე არსებული სტარტაპის გარშემო ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების მხრიდან კონსულტაციების მიღებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და მისი გადაჭრისთვის საუკეთესო სტრატეგიის განსაზღვრას.

წლის ბოლოს, არტ ინკუბატორში გაიმართება კონკურსი და შეირჩევა საუკეთესო სტარტაპერი არტისტი. კონკურსში გამარჯვებული სტარტაპერები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.

პროექტი ბრიტანეთის საბჭოს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და Henley Business School-ის ჩართულობით ხორციელდება.

თავად კრეატიულ ცენტრი, რომელშიც განთავსდა არტ ინკუბატორი, 2018 წლის ბოლოს თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნა ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და Henley Business School-ის ინიციატივით.

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა #8