ფელიქს ვარლამიშვილის (ვარლა) ნამუშევრების გამოფენა

16 იანვარი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ ფელიქს ვარლამიშვილის (ვარლა) გამოფენის გახსნაზე დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.

გამოფენაზე ფართო საზოგადოებისათვის პირველად იქნება წარმოდგენილი ავტორის 60-ზე მეტი ფერწერული ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და კერძო კოლექციებიდან.

ფელიქს ვარლამიშვილი (ვარლა) მე-20 საუკუნის ოციან წლებში საფრანგეთში ემიგრირებული ქართველი მხატვარია. დაიბადა ქუთაისში 1903 წელს, დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, 1928 წელს კი გაემგზავრა საფრანგეთში. მთელი ცხოვრების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა იმ პერიოდისათვის ცნობილ გამოფენებსა და სალონებზე, როგორც საფრანგეთში, ასევე სხვა მრავალ ქვეყანაში: არგენტინა, ბელგია, იაპონია, აშშ, ირანი. ვარლა გარდაიცვალა 1986 წელს პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ვარლას შემოქმედება საინტერესოა დღევანდელი საქართველოსთვის, როგორც ქართულ ტრადიციაზე აღმოცენებული ევროპული კულტურული ფენომენი. სამწუხაროდ, მისი სახელი წლების მანძილზე საქართველოში მხოლოდ ხელოვანთა ვიწრო წრისათვის იყო ცნობილი. დღეს მხატვრის შემოქმედება აქტუალური ხდება. მის ნამუშევრებს უფრო და უფრო მეტი კოლექციონერი იძენს სხვადასხვა აუქციონზე.

გამოფენის გახსნაზე გაიმართება ფელიქს ვარლამიშვილის პირველი ალბომის პრეზენტაცია.

გამოფენის გახსნა: 2019 წლის 23 იანვარი, 17:00 საათი

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის  ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ.11

გამოფენის ხანგრძლივობა: 23 იანვარი - 24 თებერვალი, 2019

ორგანიზატორები: გალერეა შარდენი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი

გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია! 

 

***

◆ ეროვნული გალერეა მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.

მომდევნო დღეებში შესასვლელი ბილეთის საფასური:
მოზრდილი 7 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე: Biletebi.ge 

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა: ICOM-ის წევრებისთვის, მუზეუმის მეგობრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.