გამოფენა "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 100" - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

17 დეკემბერი 2018
Share

2018 წლის 26 მაისს 100 წელი შესრულდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის დღიდან. ეს თარიღი ფართოდ აღინიშნა, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ამ საუკუნოვან იუბილეს მიუძღვნა გამოფენა სახელწოდებით: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 100". იგი მოგვითხრობს ქართველი ერის თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიას მე-19 საუკუნის დამდეგიდან 1991 წლის 9 აპრილამდე, როდესაც საქართველომ კიდევ ერთხელ აღიდგინა სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი.  

მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში გამოფენა წარმოდგენილი იქნება საქართველოს ყველა რეგიონულ უნივერსიტეტში. პროექტის  მიზანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოპულარიზაცია სტუდენტ-ახალგაზრდობაში და მათთვის იმ მემკვიდრეობის გაცნობა, რომელიც დაგროვდა 1918-1921 წლების საქართველოში.

გამოფენის კურატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელი და პროფესორი ოთარ ჯანელიძე.

გამოფენა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 18 დეკემებერს გაიხსნება და თვის ბოლომდე გაგრძელდება.