წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები

07 დეკემბერი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები" სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. 

ისტორიაში სტალინური „წითელი ტერორის" სახელით შესული მასობრივი რეპრესიები საზოგადოების ყველა ფენასა და ასაკობრივ კატეგორიას შეეხო. რეპრესიების შედეგად ქართველმა სახელოვნებო საზოგადოებამაც უდიდესი დარტყმა განიცადა. რეპრესიებს შეწირული ქართველი და საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების მხატვრების უმეტესობის სამხატვრო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ათწლეულებს ითვლიდა და ისინი ქვეყანაში მიმდინარე სახელოვნებო პროცესების ავანგარდში იდგნენ. ჰენრიკ ჰრინევსკი, დიმიტრი შევარდნაძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, რიჰარდ ზომერი, პეტრე ოცხელი კონტრ-რევოლუციონერობისა თუ ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს და დახვრიტეს 1937-1938 წლებში. წლები გაატარეს გადასახლებაში კირილ ზდანევიჩმა, ივანე პატარიძემ, ვასილ შუხაევმა. „ხალხის მტრის ოჯახის წევრის" ბრალდებით მოიხადეს სასჯელი მოქანდაკე რაისა მიქაძემ და მხატვარმა ნინო ზაალიშვილმა, ეთნიკური ნიშნით გაასამართლეს მხატვარი მარია ჰერცფილდ-ჯაჯანიძე. ისინი კი, რომლებიც დახვრეტასა და გადასახლებას გადაურჩნენ, არსებობას განაგრძობდნენ ქვეყანაში, სადაც ყოველდღიურად ეზღუდებოდათ თავისუფლება, ხოლო შემოქმედებითი ცხოვრება მკაცრი სახელოვნებო ცენზურის მორჩილებაში უწევდათ.

გამოფენა „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები" წარმოადგენს რეპრესირებული მხატვრების შემოქმედებას და იმ ზოგად ატმოსფეროს, რომელიც 30-40-იანი წლების ქართულ სახელოვნებო რეალობაში სუფევდა. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დიმიტრი შევარდნაძის, პეტრე ოცხელის, ჰენრიკ ჰრინევსკის, რიჰარდ ზომერის, კირილ ზდანევიჩის, ვასილ შუხაევის, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, უჩა ჯაფარიძის, ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის, კორნელი სანაძის და სხვათა ნამუშევრები. პირველად გამოიფინება ვახტანგ კოტეტიშვილის ქანდაკებები საქართველოს ეროვნული მუზეუმის და მოქანდაკის ოჯახის კოლექციიდან. ნაჩვენები იქნება უნიკალური საარქივო კადრები.

ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილია ნამუშევრები კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მუზეუმის და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციებიდან. აგრეთვე, მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის, კინოსტუდია „ქართული ფილმისა“ და I არხის არქივებიდან. 


გახსნა: 11 დეკემბერი, 18:00 საათი.
ხანგრძლივობა: 11 დეკემბერი, 2018 - 1 მარტი, 2019
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3