ლია ბაგრატიონი - „შეშლილი ჩაის სმა"

20 ნოემბერი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი თბილისის ისტორიის მუზეუმში, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში, წარმოგიდგენთ ლია ბაგრატიონის ნამუშევრების გამოფენას „შეშლილი ჩაის სმა".

ლია ბაგრატიონის პერსონალური გამოფენა „შეშლილი ჩაის სმა“, თბილისის ისტორიის მუზეუმში, მხატვრის ბოლოდროინდელი ნამუშევრებისგან შექმნილი ექსპოზიციაა. მათი ნაწილი სრულიად ახალი პროექტებია. ნაწილი შედარებით ძველი ნამუშევრების რეკონცეპტუალიზაცია, რაც მათ მეტ-ნაკლებ ვიზუალურ ტრანსფორმაციას იწვევს. 

გამოფენა შემთხვევითობას, ხილულის და უხილავის, მახსოვრობის და მასალის ურთიერთქმედებას იკვლევს და ცდილობს უპასუხოს კითხვებს: როგორ ითარგმნება ეს ცნებები მასალის ენაზე? როგორ პასუხობს თიხა ესთეტიკურ ამოცანებს? როგორ ხდება თიხის ფუნქციურობის და ფიზიკურობის ვიზუალურ კონცეფციად გარდაქმნა? 

გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სამდღიანი ვორქშოფი უცხოელ ხელოვანებთან - მანუელ კანუსთან (დანია) და ალექსანდრა ენგელფრიტთან (ნიდერლანდები) ერთად, ასევე, მრგვალი მაგიდა და კატალოგის პრეზენტაცია. 
პროექტი “თანამედროვე ხელოვნების გალერეა” 2016 წლიდან ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე ხელოვნების სახელოვნებო ღონისძიებების მხარდაჭერას, როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 

პროექტის ფარგლებში, დამთვალიერებელი გაეცნობა, ლია ბაგრატიონის მრავალმხრივი შემოქმედების ამსახველ გამოფენას, ფილმსა და კატალოგს.

პროექტის ავტორი: ლია ბაგრატიონი, კურატორი: მაგდა გურული, კოორდინატორი: ლიკა მამაცაშვილი.

გამოფენის გახსნა: 29 ნოემბერი, 19:00 საათი
ვორქშოფი:
30 ნოემბერი, 1 და 2 დეკემბერი, 11:00-დან 13:00 საათამდე

მრგვალი მაგიდა: 8 დეკემბერი, 15:00

გამოფენის ხანგრძლივობა: 29 ნოემბერი, 2018 - 20 იანვარი, 2019

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8.