გამოფენა "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 100" - თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

13 ნოემბერი 2018
Share

"საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 100" თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

13 ნოემბრიდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმოგიდგენთ გამოფენას ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 100".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პოსტერები - ტექსტური, გრაფიკული და ფოტო მასალა. ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 100" მოგვითხრობს ქართველი ერის თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიას მე-19 საუკუნის დამდეგიდან 1991 წლის 9 აპრილამდე - როდესაც საქართველომ კიდევ ერთხელ აღიდგინა სუვერენიტეტი.

1918 წლის 26 მაისს, ქართველი ერის ხანგრძლივი ბრძოლა თავისუფლებისათვის წარმატებით დაგვირგვინდა - კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში შეიკრიბა საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელსაც 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდა. საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და შექმნა ახალი ქართული სახელმწიფო - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. 2018 წლის 26 მაისს შესრულდა 100 წელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის დღიდან.

გამოფენა აღნიშნული სახით უკვე წარმოდგენილი იყო თბილისსა და გორში, მომავალში ასევე გაიხსნება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

გამოფენის ფარგლებში გაიმართება ისტორიკოსის, პროფესორ ოთარ ჯანელიძის წიგნების პრეზენტაცია.

გამოფენის გახსნა: 13 ნოემბერი, 2018.

გამოფენის ხანგრძლივობა: 13-30 ნოემბერი.

გამოფენის პარტნიორი და მხარდამჭერია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი.

მისამართი: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტ, ქ. ქართული უნივერსიტეტის ქუჩაN1თელავი.