კატინი - დღე განსაკუთრებულად დაიწყო

02 ნოემბერი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, კატინის მუზეუმთან და პოლონურ ინსტიტუთან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ გამოფენას „კატინი - დღე განსაკუთრებულად დაიწყო" სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში. 

გამოფენა ეძღვნება საბჭოთა ოკუპაციის დროს კატინში დაღუპულთა ხსოვნას.

კატინის ხოცვა-ჟლეტის დროს დაიღუპა დაახლოებით 22 ათასი პოლონელი ტყვე. მათი მკვლელობა მოხდა 1940 წლის გაზაფხულზე შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД-ს) დანაყოფების მიერ. ტყვეთა ოჯახის წევრების მიმართ განხორციელდა რეპრესიები, გადასახლებები. იყო ხანგრძლივი დუმილი საერთაშორისო არენაზე საბჭოთა რეჟიმის მიერ განხორციელებულ გენოციდზე, მაშინ როცა მასობრივი სიკვდილით დასჯის ისტორია საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ მყოფი პოლონელებისთვის რთული ეტაპის დასაწყისი იყო. 
გამოფენის მიზანია, წარმოაჩინოს თუ რა არის კატინი და რა მნიშვნელობის მატარებელია იგი პოლონეთისთვის. დამთვალიერებელი გაეცნობა როგორც კატინის ისტორიას, ასევე თითოეული დაღუპული გმირის ამბავს. სპეციალურად გამოფენისთვის მომზადდა ვიდეომასალა, სადაც მსხვერპლთა შვილები საუბრობენ მათი თვალით დანახულ ამბებზე. ფილმებსა და ისტორიულ ინფორმაციასთან ერთად, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება არტეფაქტები, მათ შორის დაღუპულთა პირადი ნივთები. 

გამოფენა ხორციელდება ვარშავაში პოლონეთის არმიის მუზეუმის განყოფილების, კერძოდ, კატინის მუზეუმთან და თბილისში პოლონურ ინსტიტუთან თანამშრომლობით. გამოფენის მხარდამჭერია პოლონეთის ეროვნული ფონდი

გამოფენის გახსნა: 6 ნოემბერი, 17:00 საათი

გამოფენის ხანგრძლივობა: 6-30 ნოემბერი

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. შ. რუსთაველის გამზ. 3