დიეგო და ფრიდა - ფოტოგამოფენა თბილისში

26 ოქტომბერი 2018
Share

30 ოქტომბრიდან, საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მექსიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიეგოსა და ფრიდას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ ფოტოგამოფენას ახლა უკვე თბილისში გამართავს. 

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, ფოტოგამოფენასთან ერთად, წარმოდგენილი იქნება ქართველი ხელოვანის ირმა შარიქაძის ინსტალაცია „სიზმარი ბაღში", რომელიც ფრიდა კალოს ეძღვნება. 

მე-20 საუკუნის ცნობილი წყვილის პირადი ცხოვრების ამსახველი გამოფენა „დიეგო და ფრიდა. ღიმილი შუა გზაზე" პირველად 2002 წელს მოეწყო დიეგო რივერასა და ფრიდა კალოს სტუდია-მუზეუმში (Museo Casa Estudio Diego Rivera y Frida Kahlo), საიდანაც მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში. 

ამჯერად თბილისში, ექსპოზიციაზე იხილავთ ფრიდასა და დიეგოს ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ 100-მდე ფოტონამუშევარს. მექსიკის ხელოვნების ისტორიაში გამორჩეული წყვილის ყოველდღიური ცხოვრება, ხელმეორედ ქორწინება, სახელოსნოში მუშაობის პროცესი მოექცა ისეთი ფოტოგრაფების ობიექტივში როგორებიც არიან: გილერმო კალო, პიტერ ჯული, გილერმო ზამორა, ნიკოლა მიურეი, ედვარდ ვესტონი, მანუელ ალვარეს ბრავოსა და ხუან გუსმანი.

დიეგიოსა და ფრიდას ურთიერთობა 25 წელს გაგრძელდა - ქორწინებიდან (1929) ფრიდას გარდაცვალებამდე (1954). ქორწინება სავსე იყო სიყვარულით, სიძულვილითა და ბრძოლით. ისინი არაერთხელ გაშორდნენ და შერიგდნენ. უთანხმოებებისა და განშორებების მიუხედავად, ორივემ ისწავლა თუ როგორ უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი და შეენარჩუნებინათ ურთიერთობა.

თავიდან წყვილი პარტიზანულმა კავშირმა და ხელოვნების სიყვარულმა დააახლოვა. ქორწინების შემდეგ ისინი შეერთებულ შტატებში დასახლდნენ. დიეგოსთვის ეს იყო კაპიტალისტური სამყაროს შიგნიდან გაცნობის შესაძლებლობა. დეტროიტის გამოცდილებამ და როკფელერის შენობაში თოკების გაწყვეტამ ხელი შეუწყო გუანახუატოელი მხატვრის შემოქმედების ჩამოყალიბებას. ფრიდასთვის ეს ნიშნავდა არა მარტო დიეგოსთან ურთიერთობის განმტკიცებას, არამედ მსოფლიოს ახლებურად დანახვას. ამგვარად სანამ რივერა ინდუსტრიალიზაციისა და ტექნოლოგიის ძალას ითვისებდა, ფრიდა ეცნობოდა სხვათა იდეებსა და დამოკიდებულებებს: აბორტებმა, ქირურგიულმა ჩარევებმა და კონტაქტმა ბურჟუაზიულ სამყაროსთან ღრმა კვალი დაამჩნია კოიოაკანელი ხელოვანის შემოქმედებას. მექსიკაში დაბრუნების შემდეგ, შესამჩნევი იყო დიეგოს ინტერესი ქვეყნის მოდერნიზაციის მიმართ. ამ წლებში აღსანიშნავია მისი სიახლოვე ტროცკისთან და ანდრე ბრეტონთან. ამ ყველა საკვანძო ეტაპთან ერთად, გამოფენაზე წარმოდგენილია წყვილის ხელმეორედ ქორწინება, მათი კავშირი იმდროინდელ სახელოვნებო სამყაროსთან. გამოფენა ასევე გვიჩვენებს ფრიდას სიკვდილის მოახლოებასა და წყვილის უკანასკნელ ფოტოს.

გამოფენა საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ მე-20 საუკუნის ამ გამორჩეული წყვილის ცხოვრებას უნიკალური ფოტომასალის საშუალებით.

„ეს წყვილი არის სრულყოფილების მეტაფორა, ყველა ძალების შეხვედრის წერტილი და ყველა ფორმის მარცვალი. ეს წყვილი არის დროზე კვლავ გამარჯვება, დრო დრომდე" - ოქტავიო პასი.

გამოფენის გახსნა: 30 ოქტომბერი, 17:00
ხანგრძლივობა: 30 ოქტომბერი - 2 დეკემბერი
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3