თბილისის სცენოგრაფიის მეორე ბიენალე

04 ოქტომბერი 2018
Share

2018 წლის 11-19 ოქტომბერს, ვალერიან გუნიას სახელობის  თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის - საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით, თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიმართება თბილისის სცენოგარფიის მეორე საერთაშორისო ბიენალე.

საქართველო უმასპინძლებს ახალგაზრდა სცენოგრაფებს და ხელოვანებს კანადიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უნგრეთიდან. ბიენალე მოიცავს ორ ძირითად ნაწილს: საერთაშორისო გამოფენას და Masters'Lab-ს (ლაბორატორია ოსტატებთან).

საერთაშორისო გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილი იქნება ორი ექსპოზიციით ახალგაზრდული პავილიონით და გოგი მესხიშვილის დიზაინის სკოლით.

ბიენალეს საგანმანათლებლო პროგრამის „Masters' Lab" ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ ლექციებს და მასტერკლასებს სცენოგრაფიის, საკურატორო საქმის,  პოსტ-დრამატულ თეატრში ხმის და განათების დიზაინის, ვიდეო და მულტიმედია არტისა და  ვიდეოინჟინერიის დარგებში. 

ბიენალეს ახლავს „ახალგაზრდა თეატრალურ და ვიზუალურ ხელოვანთა რეგიონული ფორუმი", რომელიც შედგება ახალგაზრდა სცენოგრაფთა  პრეზენტაციების და დისკუსიებისგან. ფორუმზე მონაწილეობას მიიღებენ სცენოგრაფთა საერთაშორისო ქსელის OISTAT-ის ნაციონალური ცენტრების წარმომადგენლები  უნგრეთიდან, სერბიიდან, რუსეთიდან, და ინდივიდუალური წევრები დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან.

ბიენალეს მიზანია საქართველოში დამკვიდრდეს ახალი საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ხელს შეუწყობს ვიზუალური და თეატრალური ხელოვნებების დარგებში თანამედროვე ტენდენციების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, საერთაშორისო პარტნიორობის და თანამშრომლობის გაღრმავებას, ინტერკულტურულ დიალოგს; ახალგაზრდა სცენოგრაფების პროფესიულ განვითარებას, საქართველოში თანამედროვე პროფესიების:  განათების დიზაინის, ხმის დიზაინის, მულტიმედიური სცენოგრაფიის  დამკვიდრების ხელშეწყობას და ახალი მეთოდოლოგიების შესწავლას; ზოგადად დარგის  და უშუალოდ თანამედროვე ქართული სცენოგრაფიის განვითარებას,  საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას. 

გახსნა: 11 ოქტომბერი, 17:00-20:00

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8. 

ბიენალეს პროგრამა.