საქართველოს ეროვნული მუზეუმი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

20 სექტემბერი 2018
Share

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენაა. საქართველოსთვის პატივია 2018 წელს იყოს ამ კულტურული მოვლენის სტუმარი ქვეყანა, რადგან არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ მსოფლიო მასშტაბით  მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ეცნობა სტუმარი ქვეყნის ახალ გამოცემებს, გამოფენებს, თეატრალურ დადგმებს, ფილმებს და ა.შ. იგი ყოველწლიურად 300 000-მდე დამთვალიერებელს მასპინძლობს. ბაზრობას დაახლოებით 9000-მდე საერთაშორისო აკრედიტებული ჟურნალისტი აშუქებს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კულტურული პლატფორმაა.  

ეს უნიკალური შანსია ჩვენი ქვეყნისათვის ევროკავშირის ფინანსურ-კულტურულ ცენტრში - ქ. ფრანკფურტში წარმოაჩინოს საქართველოს კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა და წინ წამოსწიოს თავისი წვლილი ევროპისა და მსოფლიოს ისტორიასა და კულტურაში, რაც, საბოლოოდ, ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2018 წლის შემოდგომაზე გეგმავს სამ გამოფენას და საგანმანათლებლო პროგრამებს ქ. ფრანკფურტის სხვადასხვა მუზეუმში, რომელთა მიზანია წარმოვადგინოთ ადამიანის განვითარების ისტორია საქართველოსა და კავკასიის ტერიტორიაზე პრეისტორიული ეპოქიდან ანტიკური ხანის ჩათვლით.

გამოფენების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეირჩა სამი მუზეუმი მაინის ფრანკფურტში: ადამიანის წინაპართა ისტორია და მათი მოგზაურობა აფრიკიდან კავკასიის გავლით წარმოდგენილი იქნება ზენკენბერგის საბუნებისმეტყველო მუზეუმში (Naturmuseum Senckenberg). გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დმანისში აღმოჩენილი 1 800 000 წლის წინანდელი ჰომინინის ნაშთები. ღვინის და ოქროს წარმოების შესახებ მოთხრობილი იქნება არქეოლოგიის მუზეუმში(Archäologisches Museum Frankfurt am Main), სადაც გამოიფინება ექსპონატები ქვის ხანიდან ბრინჯაოს ხანის ჩათვლით, ხოლო ანტიკურ სამყაროსა და მედეას მითოლოგიზებულ სახეს ძველ მსოფლიოში დამთვალიერებელი გაეცნობა ლიბიგჰაუსის მუზეუმში (Skulpturensammlung Liebghaus).

http://georgia-characters.com/Home.aspx?lang=ka-GE