ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი საფრანგეთიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადმოეცა

30 ივლისი 2018
Share

ქართველი მრეწველებისა და ქველმოქმედების - ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი საფრანგეთიდან საქართველოს გადმოეცა. პეტრე ზუბალაშვილის შთამომავლებმა 114 წლის განმავლობაში შვეიცარიასა და შემდგომ საფრანგეთში, მათ სახლში დაცული ისტორიული დოკუმენტაცია და ნივთები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს აჩუქეს.

პროექტი თიბისის მხარდაჭერით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ავიახაზების თანამონაწილეობით განხორციელდა. კოლექციის შესწავლა-რესტავრაციის შემდეგ არქივის პრეზენტაცია მუზეუმში სექტემბერში გაიმართება, რომელსაც საქართველოში სპეციალურად მოწვეული ზუბალაშვილების შთამომავლები დაესწრებიან.   

არქივი მოიცავს დიმიტრი ერმაკოვის რამდენიმე ფოტოალბომს, სადაც თბილისი, კავკასიელი  ხალხი და ხედები, თბილისში სახალხო სახლისა და უნივერსიტეტის მშენებლობაა აღბეჭდილი; ასევე წიგნებსა და ალბომებს საქართველოს ისტორიის, კავკასიის ცივილიზაციისა და არქეოლოგიის შესახებ.

მუზეუმისათვის გადმოცემული პირადი არქივიდან ზუბალაშვილების გვარის ისტორიასთან და მათ გაწეულ ქველმოქმედებასთან დაკავშირებული დეტალებიც ირკვევა. მასალები მოიცავს ზუბალაშვილების მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, გაზეთ „ივერიისა" და ჟურნალ „ჯეჯილის" დაფინანსების შესახებ შემონახულ კორესპონდენციას; ასევე მათ მიერ დაწესებული სტიპენდიების ნუსხას, რომელთა საშუალებითაც რუსეთსა და ევროპაში ისეთმა ახალგაზრდებმა მიიღეს განათლება, როგორებიც იყვნენ: ალექსანდრე ჯანელიძე, სარგის კაკაბაძე, შალვა ამირეჯიბი, გერონტი ქიქოძე, ლეო ქიაჩელი, პავლე ინგოროყვა და სხვები.

უნიკალურ არქივში მეცენატისა და ამასთანავე კოლექციონერის - იაკობ (ჟაკ) ზუბალაშვილის რამდენიმე პირადი ნივთი და ასევე სპეციალური გამოცემაც ინახება, რომელიც მის მიერ საფრანგეთის მუზეუმებისათვის უსასყიდლოდ გადაცემულ ხელოვნების ნიმუშებს ეხება. იაკობ ზუბალაშვილმა ცხოვრების მეორე ნახევარი საფრანგეთში გაატარა, სადაც ჟაკ მიშელ ზუბალოვად მოიხსენიებდნენ. მისი უნიკალური კოლექცია აერთიანებდა პიკასოს, დეგას, სეზანის, მატისის, მონეს, ბოტიჩელის, როდენისა და სხვათა შედევრებს, ასევე მარმარილოს, ბრინჯაოს, კერამიკის, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობებს. ამ უნიკალური კოლექციის ძირითადი ნაწილი ლუვრში - „ზუბალოვის დარბაზშია" განთავსებული. ზუბალაშვილის გვარი კი ლუვრის კედელზე, იმ პირთა შორისაა მოხსენიებული, რომლებმაც ხელოვნების ნიმუშების სახით ამ მუზეუმისათვის დიდი შეწირულობა გაიღეს.

მრეწველებად და მეცენატებად ცნობილი ზუბალაშვილების გვარი ისტორიულ დოკუმენტებში XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან მოიხსენიება. ზუბალაშვილების გვარს უკავშირდება მაშინდელი სახალხო სახლის - ამჟამინდელი მარჯანიშვილის თეატრის, უნივერსიტეტის პირველი კორპუსისა და თბილისის მუსიკალური სკოლის - დღევანდელი კონსერვატორიის მშენებლობა. ასევე, თბილისში პირველი პედიატრიული საავადმყოფოს, მოხუცებისათვის უპოვართა სახლისა და კოჯრის გზაზე სასადილო - „სამადლოს" გახსნაც. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე პეტრე ზუბალაშვილმა თბილისის გამგეობას სამხედრო ლაზარეთისთვის ოჯახის კუთვნილი სასტურმო „ლონდონი" და 20 ათასი მანეთი გადასცა.