საერთაშორისო ფორუმი: „მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის"

02 ივლისი 2018
Share

ICOM საქართველოს ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით 2018 წლის 1 ივლისს თბილისში ჩატარდება საერთაშორისო ფორუმი „მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის", რომელიც ხორციელდება "კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018"-ის ფარგლებში.

ფორუმის გახსნა: 1 ივლისი, 2018, 10:00 საათი
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1. 

ფორუმი იმართება პროექტის - "მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის" ფარგლებში, რომელიც შემუშავდა ICOM საქართველოს მიერ ICOM-ის ევროპის მუზეუმების რეგიონულ ალიანსთან (ICOM Europe Alliance) თანამშრომლობით. პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს ვორქშოფის ჩატარებას (3-4 ივლისი) სამხრეთ კავკასიის რეგიონის მუზეუმების თანამშრომლებისათვის (16 მონაწილე).

საერთაშორისო ფორუმი მიზნად ისახავს მოხდეს 21-ე საუკუნის მუზეუმის როლის სწორად გაცნობიერება და გაანალიზება საზოგადოების განვითარების საკითხებში. ფორუმი ფართო პუბლიკას გააცნობს მსოფლიო გამოცდილებას თანამედროვე მუზეუმის საზოგადოებრივი მნიშვნელობის, მისი სოციალური და ინკლუზიური ფუნქციის გამოწვევებისა და განვითარების საკითხებში, გაუზიარებს ამ მიმართულებით არსებულ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს და მიზნად ისახავს დამსწრე საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელ-დისკუსიაში.

თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ფორუმში მთავარი სპიკერის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს ICOM*-ის პრეზიდენტი ქალბატონი სუეი აქსოი.

ფორუმი 1-დღიანია და მასში მონაწილეობას იღებენ სამუზეუმო სფეროს წამყვანი ექსპერტები: ICOM ევროპის პრეზიდენტი, ICOM-ის შემოწირულობათა ფონდის დირექტორი, NEMO-ს (ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელი) გენერალური მდივანი, ICOM-CIDOC-ის პრეზიდენტი; კულტურის პოლიტიკის საერთაშორისო ექსპერტი;  საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი; ICOM-ის საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ეროვნული კომიტეტების პრეზიდენტები.

 *ICOM - მუზეუმების საერთაშორისო საბჭო

დეტალური ინფორმაცია იხილეთ პროექტის ვებ-გვერდზე: www.museums4soc.com