გამოფენა „შალვა ძნელაძე 125"

21 თებერვალი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ შალვა ძნელაძის 125 წლის საიუბილეო გამოფენაზე თბილისის ისტორიის მუზეუმში.

შალვა ძნელაძე (1892-1934) XX საუკუნის 20-იანი წლების ქართული ავანგარდული მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მას კარგად იცნობდნენ ქართული ავანგარდული ხელოვნების ისეთი წარმომადგენლები, როგორებიც არიან: ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, დიმიტრი შევარდნაძე და სხვანი. თუმცა, წლების განმავლობაში, მისი შემოქმედება ფაქტობრივად დავიწყებას მიეცა. 1970 წლის შემდეგ, მხატვრის ნამუშევრები პირველად გამოიფინება ფართო აუდიტორიის წინაშე.

მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი, მძიმე ავადმყოფობის გამო, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა, მან დატოვა საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა - 2000-ზე მეტი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი, ასევე თეატრის მხატვრობის ნიმუშები, რომელთა დიდი ნაწილი (დაახლოებით 700-მდე ექსპონატი) დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდებში. მხატვრის ნამუშევრები და საარქივო მასალა ასევე ინახება ნ. ბერძენიშვილის სახელობის ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და კერძო კოლექციებში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 125 ნამუშევარი როგორც მუზეუმის, ასევე, კერძო კოლექციებიდან, მათ შორის ილუსტრაციები სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებიდან: „კაცია-ადამიანი?!", „ჩხიკვთა ქორწილი", „ჯანყი გურიაში", „ჩვენი ქვეყნის რაინდი", „თამარიანი" და სხვა. დამთვალიერებელი ასევე იხილავს გურიის პეიზაჟებს, გურულ გლეხთა თუ აზნაურთა ყოფა-ცხოვრების ამსახველ კომპოზიციებსა და პორტრეტებს.

გამოფენაზე შედგება შალვა ძნელაძის წიგნი-ალბომის პრეზენტაცია. წიგნი გამოსცა არასამთავრობო ორგანიზაციამ „დრო და მემკვიდრეობა" საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ავტორები: ირინე აბესაძე, დეა გუნია.

გამოფენის თანაორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „დრო და მემკვიდრეობა".

გამოფენის გახსნა: 5 მარტი, 18:00

გამოფენის ხანგრძლივობა: 5-20 მარტი, 2018

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8