რესტავრაცია-კონსერვაციის სახელმძღვანელოების პრეზენტაცია

14 თებერვალი 2018
Share

16 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის რესტავრაცია-კონსერვაციის კვლევითი ინსტიტუტი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გიწვევთ 2017 წელს გამოცემული სარესტავრაციო-საკონსერვაციო სახელმძღვანელოების პრეზენტაციაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში.  

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სამი პუბლიკაციის პრეზენტაცია. წარმოდგენილ სახელმძღვანელოებში მოცემულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და გადარჩენის კონკრეტული  გზები.

მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო: არქეოლოგიური აღმოჩენების პირველადი დახმარება (დევიდ ვატკინსონი, ვირჯინია ნილი. ქართული ვერსიის რედაქტორი - ნ. ქებულაძე, ინგლისურიდან თარგმნა - ნ. ქებულაძე.  თბილისი 2017).

ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნოქალაქევის ერთობლივი ქართულ-ინგლისური არქეოლოგიური ექსპედიციის თაოსნობით, ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წიგნის ქართული თარგმანი "First Aid for Finds - არქეოლოგიური აღმოჩენების პირველადი დახმარება" გამოსცა. სახელმძღვანელო ამ ექსპედიციის მიერ დაგეგმილი მეთოდიკების სამტომეულის მეორე ტომს წარმოადგენს. წიგნი არაკომერციულია და განკუთვნილია შესაბამისი დარგის სტუდენტების, კონსერვაციაში მინიმალური პრაქტიკის მქონე და საველე კონსერვაციის სფეროში მოღვაწე პირთათვის. მისი დახმარებით, მკითხველი გაეცნობა უახლეს ინფორმაციას არქეოლოგიური აღმოჩენების მიწიდან ამოღებაზე, შეფუთვაზე, შენახვასა და ტრანსპორტირებაზე.

ვინაიდან საქართველოში არ არსებობს საველე კონსერვაციის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, წარმოდგენილი წიგნი ამ პრობლემის გადაჭრის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს.

წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ.

კონსერვაცია არქეოლოგიაში (მარი-კლოდ ბერდუკუს  ხელმძღვანელობით გამოცემული კრებულის ქართული თარგმანი. ქართული ვერსიის სამეცნიერო რედაქტორი - ნ. კიტოვანი, ფრანგულიდან თარგმნა - ნ. კიტოვანი.  თბილისი 2017.)

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი თუ მოძრავი ძეგლების გრძელვადიანი დაცვა თანამედროვეობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. როგორ გავუმკლავდეთ დაძველების გარდაუვალ პროცესებს, როგორ დავიცვათ და შევინახოთ რაც შეიძლება ხანგრძლივად და დაუზიანებლად წარსულის უნიკალური ნივთიერი საბუთები? რას წარმოადგენს არქეოლოგიური მემკვიდრეობის ძეგლების შემადგენელი მასალა? როგორია მათი ქიმია?  როგორ და რა მასალით ვუმკურნალოთ, გავამყაროთ,  შემდეგ  კი წარმოვაჩინოთ ისინი? როგორ გავართვათ თავი კონსერვაციისა და რესტავრაციის პროფესიული ეთიკის თანამედროვე მოთხოვნებს? როგორ გავთხაროთ არქეოლოგიური ობიექტები, როგორ  და რა მასალით ჩავატაროთ რესტავრაცია, როგორ მოვაწყოთ საცავები, ვიტრინები? როგორი უნდა იყოს ოპტიმალური გარემო? ამ და მრავალ სხვა კითხვაზე პასუხს  მარი-კლოდ ბერდუკუს კოორდინატორობით შექმნილი ნაშრომის ქართულენოვან გამოცემაში ვიპოვით.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნი არქეოლოგიური მასალის რესტავრაციას და პრევენციულ  კონსერვაციას ეხება, მასში მოცემული ფუნდამენტური და ფართო ინფორმაციის წყალობით, იგი რესტავრაციის სხვა დარგების რესტავრატორთათვისაც თანაბრად სასარგებლოა. 1990 წელს საფრანგეთში გამოცემული ეს ნაშრომი დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას და არქეოლოგების, კონსერვატორების, რესტავრატორებისა და კურატორებისათვის ერთ-ერთ საბაზისო სახელმძღვანელოს წარმოადგენს. აღნიშნული პუბლიკაცია დაეხმარება ქართველ არქეოლოგებს, რესტავრატორებსა და აღნიშნული დარგების საუნივერსიტეტო ფაკულტეტების სტუდენტებს, აგრეთვე, სამუზეუმო საქმისა და ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ჩართულ ადამიანებს.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ.

როგორ დავიცვათ სამუზეუმო კოლექციები შესაძლო საფრთხეებისგან (საქართველოს ეროვნული მუზეუმი. თბილისი 2017)

წარმოდგენილ სახელმძღვანელოში განხილულია ის საფრთხეები, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება დაემუქროს ექსპონატებს - წყალი, ხანძარი, ნივთებისთვის არასახარბიელო ტემპერატურა, ტენიანობის ხარისხი, ჰაერის დამაბინძურებლები, განათება, მწერები, მარკირება, ტრანსპორტირება, არასწორად დაგეგმილი საცავი თუ სხვა. აქვეა მოცემული შესაძლო რისკებიდან მომდინარე საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანისა და შერბილების პრაქტიკული გზები.

ნაშრომი წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების თავისებურებებისა და გარემოს გათვალისწინებით, სამუზეუმო სფეროში სახელმძღვანელოს შექმნის პირველ მცდელობას. წარმოდგენილი ნაშრომის ავტორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერები, რომლებიც საკუთარი გამოცდილების საფუძველზე განიხილავენ სამუზეუმო კოლექციების შენახვის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1