ალექსანდრე ჟივოტკოვი „მუყაო. ხე. ქვა"

10 იანვარი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და არტ ფონდი ,,სტედლი'' წარმოგიდგენთ თანამედროვე უკრაინელი მხატვრის ალექსანდრე ჟივოტკოვის პერსონალურ გამოფენას ,,მუყაო. ხე. ქვა'' დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ ბოლო 5 წლის განმავლობაში შექმნილი 50-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც ერთიანდება რამდენიმე სერიაში: „გზები", „კიევი 2014", „დედაბორდი", „ვარიაციები ქვაში" და „მე მივუზღავ". 

გამოფენა „მუყაო. ხე. ქვა", როგორც ერთიანი პროექტი, პირველად სწორედ ქართველი დამთვალიერებლისთვის გამოიფინება. „მე საქართველოს ჩემს მეორე სამშობლოდ აღვიქვამ, აქ ჩემი მეორე სახლია. მე დავიწყე ხატვა მანამ აქ პირველად აღმოვჩნდებოდი. ხე და ქვა სწორედ საქართველოს წყალობით გაჩნდა ჩემს შემოქმედებაში, მას მერე რაც გავიცანი ამ ქვეყნის უძველესი და უჩვეულოდ ძლიერი კულტურა" - აღიარებს მხატვარი.

ალექსანდრე ჟივოტკოვის შემოქმედებაში თავს იყრის ევროპული და აღმოსავლური კულტურების მთელი სპექტრი, რომელიც დროსა და სივრცეშია განფენილი. მკაცრ მონოქრომულ გამოსახულებებში და მრავალმხრივ მგრძნობელობით ფორმებში იკითხება მხატვრის სიყვარული ფაიუმის პორტრეტის, ადრეული ქრისტიანული კატაკომბების, სკვითური კერპების თუ უკრაინული ხატების, ქართული ჭედურობისა და ტიბეტური ხელნაწერების მიმართ. 

მხატვრის შემოქმედება გაჯერებულია რიტუალურობით, კონცენტრირებულია პროცესზე, რომელიც ავტორისგან და მაყურებლისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ადამიანის სულის უმაღლესი დაძაბულობა იცვლება კათარზისით - თითქოს შესაძლებლობას აძლევს დაემორჩილოს, მიეცეს ბუნების სტიქიას. მხატვარი იყენებს მხოლოდ ბუნებრივ, ცოცხალ მასალას. მის საღებავად იქცა მიწა, ჭვარტლი, გამურული ხე. ყველა მისი განცდა რეალური, ხორცშესხმული და კონკრეტულია - კონკრეტული ყველაფერში, გარდა დროისა, რადგან მიმართულია მარადიულობისკენ.

გახსნა: 26 იანვარი, 18:00
ხანგრძლივობა: 26 იანვარი - 25 თებერვალი, 2018
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ.11