„ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი" - წიგნის პრეზენტაცია

09 ნოემბერი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ წიგნის პრეზენტაციაზე - „ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი". 

წიგნი წარმოადგენს პირველ მასშტაბურ გამოცემას ქართული მონუმენტური მხატვრობის ძეგლთა შესახებ. მასში მოთხრობილია შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური დეკორის ცამეტსაუკუნოვანი განვითარების ისტორია იმ სახვითი არტეფაქტებით, რომლებმაც ქართული კულტურის დამცველი, გადამრჩენი და შემსწავლელი ადამიანების წყალობით, ერთი საუკუნის განმავლობაში თავი მოიყარა ეროვნული მუზეუმის საცავებში. გამოცემა ნათლად წარმოაჩენს აღნიშნულ კოლექციაზე მოამაგე ადამიანებს - მეცნიერებს, მხატვრებს, კოპიისტებსა და რესტავრატორებს.

ნაშრომი მოიცავს 500-ზე მეტ ფოტოს, რომლებზეც ასახულია V-XVIII საუკუნეების განმავლობაში ქრონოლოგიურად დალაგებული და იდენტიფიცირებული კედლისა და იატაკის მოზაიკის, ასევე მონუმენტური მხატვრობის დედნები, ასლები და ჩანახატები. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე აღარ არსებობს ან მდებარეობს დღეისათვის ხელმიუწვდომელ - ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

წარმოდგენილ ასლებს შორისაა ქართული მონუმენტური მხატვრობის შესწავლა-გადარჩენის საწყის ეტაპზე შესრულებული საუკუნეზე მეტი ხნის ნიმუშები. აღსანიშნავია, რომ ისინი შეიქმნა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ დაარსებული საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა და დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით დაფუძნებული ქართველ ხელოვანთა საზოგადოების ერთობლივი ინიციატივით. წიგნი ეძღვნება 1917 წლის „ძველი ქართული საეკლესიო ფრესკების" გამოფენის ასი წლის იუბილეს.

წიგნის ავტორები არიან ნინო ჩიხლაძე, ნინო დათუნაშვილი და მარინა გველესიანი.  

პრეზენტაციის დრო: 15 ნოემბერი, 13:00 საათი
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ.1