არტისტერიუმი 2017

02 ნოემბერი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს „არტისტერიუმ 2017-ს" თბილისის ისტორიის მუზეუმში. 

,,არტისტერიუმი'' - თბილისის თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც მოიცავს უცხოელი და ქართველი მხატვრების გამოფენებს, საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებს.

ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია „არტისტერიუმი". „არტისტერიუმი" ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოფენაა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც თანამედროვე ხელოვნებას წარმოაჩენს.

არტისტერიუმი 2017 - თანამედროვე ხელოვნების მე-10 საერთაშორისო გამოფენა, ვიზუალური ხელოვნების, რეწვისა და დიზაინის დიალოგს, მათ შორის კავშირებს, ერთმანეთში ტრანსფორმირების და ამ ფონზე ახალი შინაარსის ძიებას ეძღვნება. ვიზუალურ ხელოვნებაში, ისევე როგორც თანამედროვე სტუდიურ რეწვასა და დიზაინში, კონკრეტული მასალების სპეციფიკური მახასიათებლები მათი გამოყენების ფუნქციურ და ესთეტიკურ შესაძლებლობებს განსაზღვრავენ, ხოლო მათი სინთეზი ახალი შინაარსის ობიექტებს ქმნის.

"No 10" როგორც გამოფენის სათაური, ასახავს საგნების, მასალების და ტექსტების ნუმერაციის პრაქტიკას, რომელიც, პროექტის თემატური და იდეოლოგიური დატვირთვის მიღმა, თავისუფალი თვითგამოხატვის პლატფორმადაც შეიძლება გამოვიყენოთ.

არტისტერიუმი No 10-ის მიზანი ვიზუალური ხელოვნების, რეწვის და დიზაინის გამომსახველობით ენას, გამოყენებულ მასალას, მიდგომებსა და საწარმო პროცესებს შორის შემოქმედებითი სინთეზის ძიებაა. ამისთვის, მასალის და ენის ,,გაცვლის" გარდა, მნიშვნელოვანია რეწვისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური პოტენციალის, ვიზუალური ხელოვნების ინტელექტუალური და სოციალური შემადგენლის და დიზაინის ფუნქციონალურობის ურთიერთგავლენების და ურთიერთდენადობის მხატვრული კვლევა.

არტისტერიუმის გახსნა: 2017 წლის 4 ნოემბერი, 18:00 საათი
გამოფენის ხანგრძლივობა: 4 ნოემბერი - 14 ნოემბერი, 2017
მუზეუმი მუშაობს ყოველდღე გარდა ორშაბათისა, 10:00-დან 18:00 საათამდე. ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30 საათზე
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.

არტისტერიუმი No10/2017 - პროგრამა