განახლებული ექსპოზიცია - „შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან"

05 სექტემბერი 2017
Share

2017 წლის 5 სექტემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ გამოფენის „შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან" განახლებულ ექსპოზიციაზე.  

გამოფენაში ჩაერთვება მუზეუმის სხვადასხვა ფონდში დაცული 25-მდე ექსპონატი. მათ შორისაა: ვახტანგ VI-ის კუთვნილი ქისა, მეფე ერეკლე II-ის ოჯახის კუთვნილი ნივთები, ასევე ერეკლე II-ის თანამეცხედრე - დარეჯან დედოფლის მიერ მოქარგული ქოშისპირები. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნაქარგი ქისა - XIII  საუკუნის ჩალათა სვანეთიდან და ნაქარგობის სხვა გამორჩეული ნიმუშები, XIX საუკუნის აღმოსავლური მინიატურა ქალის პორტრეტული გამოსახულებით და სხვა.

აღნიშნული ექსპონატები ჩაერთვება გამოფენაში სადაც წარმოდგენილია ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში დაცული ქართული და მსოფლიო ხელოვნების უნიკალური ნიმუშები: ბერნანდო დადის, ლუკას კრანახის (უფროსი), გვიდო რენის, იან სტენის, იაკობ ვან რეისდალის, ოგიუსტ როდენის, პაბლო პიკასოს, ვასილი კანდინსკის ნამუშევრები; ნიკო ფიროსმანაშვილის, ლადო გუდიაშვილისა და დავით კაკაბაძის შედევრები.

აქვეა გამოფენილი ქართული ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშები: ღვთისმშობლის მცირე კარედი ხატი უბისიდან (XIV), აპოკალიფსი - იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება, II-III საუკუნეების ჭვირული ბალთები ჭიათურიდან; ქვის, ძვლის, ლითონისა და თიხის სხვადასხვა დანიშნულების არტეფაქტები უფლისციხის არქეოლოგიური გათხრებიდან;  ყაჯარული მხატვრობის უნიკალური ნიმუში, სვეტიცხოვლის კანკელის ფილა,  V-VI საუკუნეების სტელა ბოლნისის ტაძრიდან  და მრავალი სხვა.

შეგახსენებთ, რომ გამოფენა „შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან" გაიხსნა ამა წლის მარტში. კოლექციის სპეციფიკიდან გამომდინარე, გამოფენაზე მუდმივად ხდება ხელოვნების ნიმუშთა ცვლა.

გამოფენა „შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან" 2017 წლის 1 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მისამართიშალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმილადო გუდიაშვილის . 1