მუზეუმის კვირეული: ზიგა ვალიშევსკი 120

11 მაისი 2017

2017 წლის 17 მაისს, 17:00 საათზე, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, გიწვევთ ზიგა ვალიშევსკის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე. 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ საქართველოში შექმილი 100-მდე ნამუშევარი ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან. 

წარმოშობით პოლონელი ზიგა ვალიშევსკი თბილისელი მოდერნისტი მხატვრებისა და მწერლების სამეგობრო წრის აქტიური წევრი იყო და მათთან ერთად მოღვაწეობდა. ამ დროის ქალაქის კულტურული ცხოვრება არაჩვეულებრივი შემოქმედებითი მრავალფეროვნებით, ავანგარდული ინტერესებითა და სიახლეებისადმი სწრაფვით გამოირჩეოდა. შემოქმედთა ახალგაზრდა თაობას არ აკმაყოფილებდა რეალობას მოწყვეტილი, შეზღუდული და უსიცოცხლო, სალონური, აკადემიური ხელოვნება. ისინი სამყაროს აღქმისა და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის ახალ ფორმებსა და ხერხებს ეძებდნენ. 

1912-13 წლებში ზიგა ვალიშევსკი, კირილე და ილია ზდანევიჩებთან, ასევე მიხეილ ლე დანტიუსთან ერთად, შეხვდა ნიკო ფიროსმანაშვილს. მხატვრის შემოქმედებამ მოხიბლა ახალგაზრდები, რომლებმაც ფიროსმანაშვილის მხატვრობის გადარჩენა, შეგროვება და პოპულარიზაცია დაისახეს მიზნად. მათ ნიკო ფიროსმანაშვილის სურათების კატალოგიც შეადგინეს.

ძმებ ზდანევიჩებთან, ლადო გუდიაშვილთან, კოლაუ ჩერნიავსკისთან, იური დეგენთან, ყარა-დარვიშთან ერთად ზიგა ე.წ. „ფუტურისტების სინდიკატის" დაარსებაში აქტიურად იყო ჩართული. მონაწილეობდა საჯარო ლექციებისა და დისპუტების მოწყობაში, წიგნების გამოცემაში, ქმნიდა ილუსტრაციებს. ზიგას გრაფიკული ილუსტრაციებით გააფორმეს ფუტურისტების პოეზიის კრებული. კირილე ზდანევიჩთან, ლადო გუდიაშვილსა და დავით კაკაბაძესთან ერთად ზიგამ „ფანტასტიკური ყავახანა" მოხატა. 1919 წელს ზიგა ვალიშევსკიმ, ალბერტ ზალცმანთან ერთად, ოპერისა და ბალეტის თეატრის ფარდა გააფორმა, სადაც ნანგრევები, ღრუბლები და წითელი მზისკენ მსრბოლი მხედარი გამოსახა. როგორც თავად აღნიშნა, მას „ადამიანის ბედთან შერკინების" გამოხატვა სურდა. 

თბილისში მოღვაწეობისას ვალიშევსკი უმეტესად ქმნიდა პლაკატებს, წიგნის ილუსტრაციებს, კარიკატურებს, გროტესკულ სცენებს, გრაფიკულსა და ფერწერულ პორტრეტებს, პეიზაჟებს. ნაკლებად ხატავდა ზეთის საღებავებით. იგი, უმეტესად, გუაშით, ფანქრით, ტუშითა და პასტელით ქმნიდა მხატვრულ სახეებს. შემოქმედებითი ბუნების მხატვარი არ ერიდებოდა სხვადასხვა სახვითი ხერხის გამოყენებას, ოსტატურ ნახატში ნათლად ვლინდებოდა მხატვრის მიერ სამყაროს განსხვავებული, მახვილი აღქმა, შემოქმედის კეთილშობილება და გულწრფელობა. 

ზიგა ვალიშევსკის შემოქმედება ექსპრესიული ხასიათით, ფანტაზიის სიმდიდრით, ირონიისა და იუმორის გრძნობით, ასევე იმპროვიზაციის საოცარი უნარით გამოირჩევა. ამავე დროს, მას ტექნიკური ოსტატობა და კომპოზიციის გააზრების გასაოცარი უნარი გააჩნდა. მისი ნიჭიერება ნათლად ვლინდებოდა როგორც დიდ კომპოზიციებში, ისე პორტრეტებსა თუ ნატურმორტებში. ხანმოკლე შემოქმედებითი ცხოვრებისა და მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, ზიგა ვალიშევსკიმ საკმაოდ მდიდარი მემკვიდრეობა დატოვა.

ექსპოზიცია 2017 წლის 11 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. 

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ. 1