რობერტ სტურუას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა

03 მაისი 2017
Share

2017 წლის 4 მაისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება რობერტ სტურუას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება რობერტ სტურუას მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ფერწერული ნამუშევრები. პორტრეტები, პეიზაჟები, რელიგიური თემატიკის სურათები, რეგიონალური თეატრისა  და კულტურის სახლის პლაფონების რეპროდუქციები.

რობერტ სტურუას შემოქმედებას მიეკუთვნება ისეთი ნიმუშები, როგორიცაა: „გამარჯვების ზეიმი" -ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის თეატრის დარბაზის პლაფონის მოხატულობა (1945-50, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951); „ხალხთა მეგობრობა" - სოფელ შრომის (ოზურგეთის რაიონი) კულტურის სახლის დარბაზის პლაფონი (1953-56); „ბოროტსა სძლია კეთილმან" - მეშახტეთა კულტურის სახლი, ტყიბული (1957-60); ჭიათურაში, მეტალურგთა კულტურის სახლის პლაფონი, ფერწერული ფრიზი ვ. ი. ლენინის ცენტრალური მუზეუმის თბილისის ფილიალისათვის და მრავალი სხვა.

აღსანიშნავია, რობერტ სტურუას ნამუშევრები წიგნის გრაფიკაში. კერძოდ მაღალ პროფესიონალურ დონეზე შესრულებული ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას ქმნილებათა ილუსტრაციები.

გამოფენა 2017 წლის 1 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

გამოფენის მხარდამჭერია: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.  

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11.