გამოფენა ,,მდუმარე ქადაგება’’

23 მარტი 2017
Share

2017 წლის 24 მარტს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ ქეთევან წამებულის სახელობის ხატწერის სკოლის მიერ ორგანიზებულ, ქართველ ხატმწერთა ნამუშევრების გამოფენაზე სახელწოდებით ,,მდუმარე ქადაგება".

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხატწერის სკოლის მოსწავლეების, კურსდამთავრებულებისა და  ასევე, სასულიერო აკადემიის სტუდენტთა ნამუშევრები.

სკოლის ოსტატობის ძირეული ორიენტირი სვანური კლასიკური ხატწერისა და სინური ხატების ფუნდამენტურ გამოცდილებას ეყრდნობა, რაც დღეს საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ ამ ძირეული ცოდნის ტრანსფორმირების პროცესებს თანამედროვე ავტორთა ნამუშევრებში. სხვადასხვა ავტორის მიერ შესრულებული ხატები ნათლად მეტყველებენ ოსტატობისა და კანონიკური ხატწერის უმთავრესი ტრადიციების ცოდნაზე.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას გააცნობს კანონიკური, მართლმადიდებლური ხატწერის თანამედროვე სახეს, მისცემს მას საშუალებას, გაითავისოს ხატწერის წარსულისა და აწმყოს უმთავრესი თემატური და სახიერი მხატვრული თავისებურებანი.

გამოფენა ,,მდუმარე ქადაგება'' 2 აპრილამდე გაგრძელდება.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8.