ანა კალატოზიშვილის გამოფენა ,,ჩემი გამოფენა - ჩემი ცხოვრებაა“

10 თებერვალი 2017
Share

2017 წლის 17 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ ანა კალატოზიშვილის გამოფენაზე სახელწოდებით ,,ჩემი გამოფენა - ჩემი ცხოვრებაა".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კონცეპტუალური თემატიკით გაერთიანებული ნამუშევრები. პროექტი წარუდგენს დამთვალიერებელს ანა კალატოზიშვილის ექსპრესიულ  ნამუშევრებს. დამთვალიერებელი გაეცნობა თეატრისა და კინოს მხატვარს, რომელიც მრავალფეროვანი ინეტერესებითა და შესაძლებლობებით გამოირჩევა.

ანა კალატოზიშვილის ჩანაფიქრით, თეატრი, ხელოვნება და ზოგადად ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება თამაშს ჰგავს. მხატვარი მიიჩნევს, რომ ყოველი ჩვენთაგანი მოთამაშეა, რომელსაც შესწევს ძალა და უნარი გახდეს ხელოვანი.

ანა კალატოზიშვილი თეატრისა და კინოს მხატვარია. ის სწავლობდა ავსტრიაში, ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში, ასევე დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თეატრის ფერწერის ფაკულტეტი. მუშაობდა სპექტაკლებზე საქართველოს თეატრებში, აფორმებდა სპექტაკლებს იტალიასა და  ჰოლანდიაში.  მუშაობდა კინოს კოსტიუმების მხატვრად ოთარ იოსელიანთან (2009 ,,შანტრაპა", 2014 ,,ზამთრის სიმღერა"), მხატვარია ფილმებისა ,,ცხრა მთას იქეთ", 2013, ,,მოირა" 2014 და სხვ. არის პედაგოგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს თეატრისა და კინოს ინსტიტუტსა და სამხატვრო აკადემიაში, ასევე მუშაობდა სატელევიზიო გადაცემებზე.

ანა კალატოზიშვილს მონაწილეობა მიუღია ბევრ ჯგუფურ საერთაშორისო გამოფენასა და სიმპოზიუმში გერმანიაში, ავსტრიაში, სანქტ-პეტერბურგსა და თბილისში. დაჯილდოებულია პრიზებით ფესტივალზე ,,დურუჯი", ხელოვნების ფესტივალ ,,პარნასზე" და სხვა. მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში ლონდონში, სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვში, ვენაში, მიუნხენში, ბარსელონაში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და თბილისში. 

გამოფენა ,,ჩემი გამოფენა - ჩემი ცხოვრებაა" 2017 წლის 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8