საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადება

07 თებერვალი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ეხმიანება დღეს, 7 თებერვალს, პარლამენტის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციას. 

სამწუხაროა, რომ კვლავ გრძელდება ცილისმწამებლური კამპანია საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ. დღეს მოვისმინეთ კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანგარიშიდან კონტექსტიდან ამოღებული ფრაზების არასწორი ინტერპრეტაცია, რომელმაც შესაძლოა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. აღვნიშნავთ, რომ მუზეუმმა აუდიტის მიერ მოცემულ რეკომენდაციებში არსებულ ყველა შენიშვნას დოკუმენტირებულად უპასუხა და გაითვალისწინა. დღეს მიმდინარეობს ამ საკითხის ცვლილებების იმპლემენტაცია.  

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სისტემაში შემავალი მუზეუმების რადიკალურად გაუმჯობესებული მდგომარეობის მიუხედავად, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში კვლავ რჩება სამუზეუმო ექსპონატების სათანადო შენახვასთან და მათ რესტავრაცია-კონსერვაციასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისა და თანამშრომლობის ფარგლებში, ეროვნულ მუზეუმში მომზადდა  სიძველეთა ეროვნული ცენტრის (რესტავრაცია-კონსერვაციის ცენტრისა და ხელოვნების ნიმუშთა საცავის)  დეტალური პროექტი.  სიძველეთა ეროვნული ცენტრის შექმნა დაეხმარება საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და სხვა დაწესებულებებსაც კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და კვლევაში.

2016 წელს ეროვნულ მუზეუმს სარგებლობაში გადმოეცა ხელოვნების მუზეუმის მომიჯნავე 3100 კვ.მ ფართის მქონე შენობა, რომლის პროექტირება უკვე დასრულებულია.  ახალი შენობის დაგეგმვისას გათვალისწინებულია მასში შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობაში სავალალო პირობებში მომუშავე თანამშრომლების გადაყვანა და იქვე დაცული კოლექციების ევაკუაცია უსაფრთხო ადგილზე.

სწორედ ამ სამი შენობის (ხელოვნების მუზეუმი, სიძველეთა ეროვნული ცენტრი და მუზეუმის ახალი შენობა) გამოყენებით იქმნება შესაძლებლობა, განხორციელდეს საკვანძო პროექტი - ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაცია. ამჟამად მიმდინარეობს სახელოვნებათმცოდნეო დასკვნაზე მუშაობა, რაც მოგვცემს საშულებას, უახლოეს მომავალში გამოცხადდეს კონკურსი შ. ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციისთვის.

ასევე, გაცნობებთ, რომ 2010 და 2014 წლებში მოხდა სამწუხარო ფაქტი - დუშეთის არქეოლოგიური ბაზისა და ეროვნული გალერეის ფონდსაცავის გაძარცვა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. ექსპონატთა დიდი ნაწილი დაბრუნებულია. გრძელდება თანამშრომლობა საგამოძიებო უწყებებთან.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მუშაობს კოლექციების უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესებაზე. რასაც მოწმობს „ლურჯი ფარის" საქართველოს ეროვნული კომიტეტის" მიერ შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერითა და ორგანიზაციის - „კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე" თანამშრომლობით ჩატარებული კვლევა, სადაც აღწერილია, თუ რამდენად მზადაა საქართველოს მუზეუმები, არქივები, ბიბლიოთეკები საგანგებო სიტუაციებისთვის და მოცემულია ამ მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ჩარჩოსა და არსებული სიტუაციის ანალიზი. აღნიშნული კვლევის თანახმად, "მხოლოდ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში არსებობს უსაფრთხოების სამსახური, რომელიც განსაზღვრავს უსაფრთხოების პოლიტიკას მუზეუმსა და მასში შემავალ სტრუქტურებში".

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მუზეუმის შრომის ანაზღაურების ფონდი 10%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, დაგეგმილ ორგანიზაციულ ცვლილებებს არ მოჰყოლია თანამშრომლების მასიური დათხოვნა. მუზეუმი კვლავ გააგრძელებს ზრუნვას პერსონალის განვითარებასა და შენარჩუნებაზე.

ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ეფექტურობაზე მეტყველებს ჩვენ მიერ წლების მანძილზე განხორციელებული პროექტები. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით ეწყობა ეროვნული მნიშვნელობის გამოფენები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რამაც განაპირობა 2004 წლის შემდეგ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა  1 მილიონით და რაც საქართველოსთვის რეკორდული მაჩვენებელია. გაერთიანების შექმნიდან დღემდე ეროვნული მუზეუმის მიერ განხორციელებული ადგილობრივი და საერთაშორისო საგამოფენო და საგანმანათლებლო პროექტები ხელს უწყობს საქართველოს ინტეგრაციას  საერთაშორისო კულტურულ სივრცეში, ქვეყნის შიგნით  კი - ქართული და მსოფლიო კულტურის პოპულარიზაციას. ამის დასტურია თუნდაც მხოლოდ 2016 წლის მანძილზე ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გახსნილი 3 მუდმივმოქმედი გამოფენა: ,,ნუმიზმატიკური საგანძური'', ,,შუა საუკუნეების საგანძური'' და ,,ქვის ხანის საქართველო''. 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური