საგანმანათლებლო პროგრამის „ვისწავლოთ ფრანგული მუზეუმში“ პრეზენტაცია

12 დეკემბერი 2016
Share

2016 წლის 13 დეკემბერს, 16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია „ვისწავლოთ ფრანგული მუზეუმში".

ერთობლივი პროექტი გულისხმობს ფრანგული ენის სწავლებას მუზეუმის ექსპოზიციაზე დაყრდნობით. ფრანგული ინსტიტუტის საგანმანათლებლო ჯგუფმა შეიმუშავა რამდენიმე თემა, რომელიც ინსტიტუტის სასწავლო პროგრამაზეა დაფუძნებული (ითვალისწინებს როგორც გრამატიკულ, ასევე ლექსიკურ კომპონენტებს). პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ საგამოფენო დარბაზებში წარმოდგენილ ექსპონატებზე დაკვირვებით, აღწერითა და შემეცნებით აქტივობებში მონაწილეობით, ფრანგულ ენასთან ერთად შეისწავლონ ქართველ ხელოვანთა შემოქმედება.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ფრანგულ ინსტიტუტთან 15 წელზე მეტია თანამშრომლობს. საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალმხრივი კულტურული ურთიერთობების განვითარების მიზნით მუზეუმში მუდმივად ეწყობა გამოფენები, სამეცნიერო კონფერენციები, საჯარო ლექციები, სპეციალისტთა ორმხრივი სტაჟირებები და სხვა.

პროექტს წარადგენენ საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი და საელჩოს მრჩეველი კულტურისა და თანამშრომლობის საკითხებში ჟან-ივ  ლავუარი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11.