სამეცნიერო კონფერენცია „ავანგარდის იდეა ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში“

20 ივნისი 2016
Share

2016 წლის 23-25 ივნისს გამოფენის „ავანგარდი 1900-1937" ფარგლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმი უმასპინძლებს სამეცნიერო კონფერენციას „ავანგარდის იდეა ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში".

ავანგარდი, როგორც ახალი ნაკადი კულტურის ევოლუციის გზაზე, ხელოვნების განვითარებაში ნოვაციების, მხატვრული სისტემებისა და თეორიების ჩასახვის ხანაა. იგი ტრადიციული ხელოვნების უარყოფასა და შემოქმედის უკიდურესად სუბიექტურ მხატვრულ აზროვნებაზეა ფოკუსირებული. ეპოქათა განმავლობაში ჩამოყალიბებული ესთეტიკური სქემები სრულიად ახალი ვიზუალურ-ვერბალური სისტემებით იცვლება.

ავანგარდის იდეისა და კონცეფციის, თეორიისა და ალოგიზმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი პოლონური წარმოშობის ქართველი პოეტი და ლიტერატორი  ილია ზდანევიჩი (ილიაზდი 1894-1975) იყო. კონფერენცია სწორედ ამ ეპოქალური ადამიანის ხსოვნას ეძღვნება.

კონფერენციის სესიებზე ქართველი და უცხოელი მეცნიერები განიხილავენ ავანგარდული ლიტერატურისა და სახვითი ხელოვნების სპეციფიკურ თავისებურებებს,  მხატვრულ მოვლენათა კვლევის შედეგებს.

კონფერენცია 3 დღის მანძილზე გაგრძელდება და მოიცავს აკადემიურ სესიებსა და დიალოგ-დისკუსიას.

კონფერენციის ფარგლებში იგეგმება მასტერკლასები სტუდენტებთან, ახალგაზრდა მხატვრებთან, ლიტერატორებთან და რეგიონალურ ინსტიტუციებთან.

23 ივნისს 16:00 საათზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში (ლ. გუდიაშვილის ქ. 1). გაიმართება ტატიანა ნიკოლსკაიას მასტერკლასი თემაზე ,,ტფილისური ავანგარდი". 

24 ივნისს 16:00 საათზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში (ლ. გუდიაშვილის ქ. 1). გაიმართება ანდრეი სარაბიანოვის მასტერკლასი თემაზე ,,ავანგარდი რუსეთის პროვნიციულ მუზეუმებში". http://goo.gl/aeEQc0 

გამოფენა ,,ავანგარდი 1900–1937" და სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 

კონფერენციის სესიებზე დასწრება თავისუფალია!

მასტერკლასებზე რეგისტაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 75 65 04 - ნანა შერვაშიძე.

სამეცნიერო კონფერენციის სხდომები და შეხვედრები გაიმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში (ფურცელაძის ქუჩა 1) და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების  მუზეუმის საგამოფენო დარბაზში (ლ. გუდიაშვილის ქ. 1).   

მიმაგრებული დოკუმენტები :
კონფერენციის პროგრამა