დავით ლორთქიფანიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენით დაჯილდოვდა

15 ივნისი 2016
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენით, გოეთეს მედლით დაჯილდოვდა.

დავით ლორთქიფანიძე ჩვენი დროის გამოჩენილი პალეოანთროპოლოგია. მისი კვლევის შედეგებმა, რომელიც დმანისში გათხრების შედეგად აღმოჩენილი, 1,8 მილიონი წლის წინანდელი, ადრეული ჰომინიდების  ნაშთებს ეფუძნება, სრულიად შეცვალა ჩვენი ცოდნა უძველესი ადამიანების განვითარებისა და მათი განსახლების შესახებ. მისი ხელმძღვანელობით ეროვნული მუზეუმი თანამედროვე და წამყვან კულტურულ დაწესებულებად იქცა საქართველოში. მეცნიერი და მუზეუმის დირექტორი, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებთან და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან, მათ შორისაა გოეთეს ინსტიტუტი და ისეთი მნიშვნელოვანი გერმანელი პარტნიორები, როგორებიცაა პრუსიის კულტურული მემეკვიდრობის ფონდი და ფრანკფურტის ზენკენბერგის მუზეუმი. დავით ლორთქიფანიძე, ასევე, ჰუმბოლდტის პრემიის ლაურეატია.

გოეთეს მედალი თავად გოეთეს ინსტიტუტების მიერ წარდგენილ და გოეთეს ინსტიტუტის ცენტრალური ოფისის ჟიურის მიერ არჩეულ სამ უცხოელ კანდიდატს გადაეცემა ყოველწლიურად და ის  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენს წარმოადგენს. გოეთეს მედლით დაჯილდოებულთა შორის არიან მწერალი გივი მარგველაშვილი; ბრითიშ მუზეუმის დირექტორი ნიკ მაკგრეგორი; ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი რობერტ უილსონი; ინგლისელი მწერალი ჯონ ლე კარე;  ისრაელელი მუსიკოსი და დირიჟორი დანიელ ბარემბოიმი; უნგრელი რეჟისორი იშტვან საბო და ავსტრიელი ფილოსოფოსი სერ კარლ რაიმუნდ პოპერი. წელს დავით ლორთქიფანიძესთან ერთად გოეთეს მედლით ჯილდოვდებიან ნიგერიელი ფოტოგრაფი და კურატორი აკინბოდე აკინბიჯი და უკრაინელი მწერალი, ესეისტი და მთარგმნელი იური ანდრუხოვიჩი.

დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება ვაიმარში, გოეთეს დაბადების დღეზე, 28 აგვისტოს. ლაუდაციოს წაიკითხავს გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ქალბატონი ფრედერიკე ფლესსი.