შუა საუკუნეების საგანძური

07 ივნისი 2016
Share

2016 წლის 11 ივნისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გიწვევთ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ახალ საგამოფენო სივრცეში გამოფენაზე ,,შუა საუკუნეების საგანძური".

გამოფენაზე წარმოდგენილია წინაქრისტიანული და შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ასახავს იმ კულტურული ტრადიციების ერთიანობას და უწყვეტობას, რომელთა საფუძველზე ყალიბდებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა და ეროვნული თვითშეგნება.

ეროვნული მუზეუმის საგანძურში დაცულ ხელოვნების ნიმუშებთან ერთად გამოფენილია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული X-XVIII საუკუნეების ხელნაწერები. მათ შორის, გამორჩეულია ალავერდის ოთხთავი (1054წ.), რომელიც შეიცავს სახარებათა ხელნაწერ ტრადიციებში იშვიათ მინიატურას, მაცხოვრის ტილოზე აღბეჭდილ ხატს - მანდილიონის გამოსახულებას. მისი ყდა შემკულია ძვირფასი თვლებით და წმ. გიორგის ტიხროვანი მინანქრის გამოსახულებებით. გამოფენილია აგრეთვე, თამარ მეფის დაკვეთით გადაწერილი, მდიდრული ორნამენტული დეკორით შემკული, XII-XIII საუკუნეების ვანის ოთხთავი. 1188-1210 წლებში შესრულებული ასტროლოგიური თხზულება "საეტლო და სამთვარიო" კრებული შეიცავს სხვადასხვა სახის სასულიერო შინაარსის ნაწარმოებებს, არაბულიდან თარგმნილ რამდენიმე ასტროლოგიურ თხზულებას და ზოდიაქოს ნიშნებს. 

დამთვალიერებელი გაეცნობა უნიკალურ ხატებს, ნაქარგობის ნიმუშებს, ქვის, ხის და შუა საუკუნეების სხვა გამორჩეულ ექსპონატებს: დავათის VI საუკუნის სტელა ქართული ანბანის უძველესი გამოსახულებით. V-VI საუკუნეების ჩვენამდე მოღწეული მოზაიკის უძველესი ნიმუში ბიჭვინთიდან. ნაქარგობის XII-XVIII საუკუნეების უნიკალური ნიმუშები, რომლებიც ნათლად ასახავს ნაქარგობის ევოლუციის პროცესს. მათ შორისაა ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრინდელი XII საუკუნის ნაქარგი საბუხარები კაცხიდან. ასევე გამორჩეულია უბისის XVI საუკუნის ნაქარგობა, რომელიც უბისის ტაძრის ფრესკის ასლს წარმოადგენს. ექსპოზიციაზე გამორჩეული ადგილი დაეთმო XII ს. წმ. გიორგის მოზაიკურ და XIII ს. მთავარანგელოზის გამოსახულებიან ხატებს მაცხვარიშიდან, XIV-XVII საუკუნეების ხატების ანსამბლებს უბისიდან, ურბნისიდან და შიომღვიმედან.

ექსპოზიციაზე ქართული ხელოვნების შედევრებთან ერთად წარმოდგენილია შუა საუკუნეების ის ტექნოლოგიები და ხელსაწყოები, რომლებიც გამოიყენებოდა მათ შესაქმნელად.

გამოფენა საშუალებას იძლევა, ერთიან კონტექსტში წარმოვაჩინოთ ქართული ქრისტიანული ხელოვნების თვითმყოფადობა და განვითარების უწყვეტი გზა, რომელიც წინარექრისტიანულ ხელოვნებაში იღებს სათავეს.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.