მუზეუმის კვირეული: გამოფენა „ბალკანეთის ხელნაწერთა მემკვიდრეობა: VI-XVIII საუკუნეები”

13 მაისი 2016
Share

2016 წლის 19 მაისს 13:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის მუზეუმში ბულგარეთის საელჩოსთან თანამშრომლობით გიწვევთ გამოფენის გახსნაზე „ბალკანეთის ხელნაწერთა მემკვიდრეობა: VI-XVIII საუკუნეები". გამოფენა იმართება მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში და ეძღვნება „ევროპის დღეებს საქართველოში".  

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი ბულგარელი ფოტოგრაფის ივო ჰაჯიმიშევის მიერ გადაღებული 50 ფოტონამუშევარი, რომელიც მასშტაბური პროექტის „ბალკანები - ცივილიზაციათა მიჯნა" (დაფუძნებული ჰოლანდიური ორგანიზაცია „ჰორიზონის" მიერ) ნაწილს წარმოადგენს. პროექტის მიზანია რეგიონში მცხოვრები ხალხების კულტურული თანაცხოვრებისა და  მემკვიდრეობის  წარმოჩენა.  ფოტოები ასახავს ბულგარეთისა და სხვა ბალკანური ქვეყნების ეროვნული მუზეუმების, ბიბლიოთეკებისა და არქივის VI-XVIII საუკუნეების კოლექციების  საეკლესიო წიგნებს. ხელნაწერები წარმოაჩენენ ბალკანელი ხალხის ფენომენალურ დამოკიდებულებას ხელნაწერი წიგნებისადმი და ხაზს უსვამენ ისეთი ენების წერილობითი ტრადიციების თანაარსებობას როგორებიცაა ბერძნული, სლავური, სომხური, ოსმალურ-თურქული და ებრაული.

გამოფენის სრულიად ახალ ნაწილს, რომელიც სპეციალურად საქართველოში წარმოსადგენი ექსპოზიციისათვის შეიქმნა, წარმოადგენს ფოტონამუშევრები ბოჩკოვოს მონასტრიდან. ბოჩკოვოს მონასტერი (საქართველოში ცნობილი, როგორც პეტრიწონის მონასტერი) 1083 წელს ბიზანტიის იმპერიის სახელმწიფო და სამხედრო მეთაურმა, ქართული წარმოშობის გრიგორიოს ბაკურიანმა დააარსა. ამ პერიოდის ბიზანტიური ხელოვნების ყველაზე ბრწყინვალე მაგალითს წარმოადგენს ოსუარიუმის ფრესკებზე გამოსახული ღვთისმშობლისა და იესო ქრისტეს ცხოვრების სცენები, ასევე განკითხვის სცენა. ექსპონირებულ ფოტოებზე აგრეთვე აღბეჭდილია 1311 წლის სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი, რომელიც 1813 წელს ქართველმა მოგზაურებმა ანასტოსიოსმა და ოკრანირმა შეწირეს მონასტერს.

ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა), მარტვილსა და ბორჯომში საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.

გამოფენა 2016 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება.

მისამართი: ახალციხე, რაბათის ციხე, პ. ხარისჭირაშვილის ქუჩა, 1.