მუზეუმის კვირეული: გამოფენა ,,ავანგარდი / Avant-garde 1900-1937"

08 მაისი 2016
Share

2016 წლის 18 მაისს 18:00 საათზე მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ გამოფენის „ავანგარდი/Avant-garde 1900-1937" გახსნაზე. 

ავანგარდული ხელოვნება და კულტურა XX საუკუნის ინდუსტრიულ-ტექნოლოგიური ძვრების ფონზე განვითარდა. ეს დრო ხელოვნებაში ნოვაციების, მხატვრული სისტემებისა და თეორიების ჩასახვის ხანაა. ერთმანეთისგან ვიზუალურად თუ კონცეპტუალურად სრულიად განსხვავებულ მიმდინარეობათა თანაარსებობა, მათი პარალელური განვითარება ავანგარდულ სახვით ხელოვნებას განსაკუთრებულ დინამიზმს ანიჭებს. 

გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა ერთ საგამოფენო სივრცეში იხილოს ქართული, რუსული, უკრაინული, პოლონური და იტალიური ავანგარდული ხელოვნების უნიკალური ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. მათი დიდი ნაწილი პირველად გამოიფინება ფართო საზოგადოების წინაშე.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში დაცული ვასილ კანდინსკის, ნიკო ფიროსმანაშვილის, მიხეილ ლარიონოვის, ნატალია გონჩაროვას, ოლგა როზანოვას, კირილე ზდანევიჩის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ზიგა ვალიშევსკის, კაზიმირ მალევიჩის, ალექსეი კრუჩიონიხის, რობერტ ფალკის, ოსვალდო ლიჩინის, ალექსანდრე შევჩენკოს, შალვა ქიქოძის, მიხეილ ბილანიშვილის, ვოლდემარ ბობერმანის, ლევ ბრუნის და კლიმენტ რედკოს 100-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, საარქივო მასალა, ავანგარდული აფიშები და წიგნები.

გამოფენა ეძღვნება ავანგარდის იდეისა და კონცეფციის, თეორიისა და ალოგიზმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის, პოლონური წარმოშობის ქართველი პოეტისა და ლიტერატორის ილია ზდანევიჩის (ილიაზდი 1894-1975) ხსოვნას. ილიაზდის პერსონა არ მიეკუთვნება ერთი რომელიმე ერისა თუ ქვეყნის კულტურას. მისი შემოქმედება თანაბრად ფასეულია როგორც ქართული, რუსული, ფრანგული და პოლონური კულტურების, ასევე, ზოგადად, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისთვის.
გამოფენის ფარგლებში გამოიცა ორენოვანი კატალოგი, რომელშიც მუზეუმის ავანგარდული ხელოვნების კოლექციის ისტორიასთან ერთად სრულად არის დაბეჭდილი ილია ზდანევიჩისა და ნიკო ფიროსმანის ურთიერთობის ამსახველი დღიურები. 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში, 16-18 ივნისს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ავანგარდის იდეა ხელოვნებასა და ლიტერატურაში". 

გამოფენა 2016 წლის 18 ივლისამდე გაგრძელდება. 

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა 1.