მანაბა მაგომედოვას ფოტონამუშევრების გამოფენა

03 მაისი 2016
Share

2016 წლის 5 მაისს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ საქართველოსა და დაღესტნის სახალხო მხატვარ მანაბა მაგომედოვას ფოტონამუშევრების გამოფენის გახსნაზე. 

მანაბა მაგომედოვა (1928–2013) საქართველოსა და დაღესტნის ცნობილი ოქრომჭედელი იყო. ხელოვანი მრავალი წლის მანძილზე მოღვაწეობდა საქართველოში. პარალელურად, ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1959 წელს გახდა მხატვართა კავშირის წევრი.

მანაბა მაგომედოვა ქმნიდა მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ჭაღებს, ბრებს თეატრის შენობებისთვის. ასევე, მხატვარი ცნობილია საიუველირო ნაკეთობებით. ის მუშაობდა სევადის, გრავირების, ზარნიშის, ინკრუსტაციის, ფილიგრანის, ტიხრული და გამჭვირვალე მინანქრის ურთულეს ტექნიკაში. მისი ნამუშევრები გამოირჩევა მდიდარი წარმოსახვითა და ნატიფი შესრულებით.  

ამჯერად, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაიცნოს მანაბა მაგომედოვა როგორც  ფოტოხელოვანი. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მის მიერ 1950-1970-იან წლებში დაღესტანსა და საქართველოში გადაღებული 70-მდე ფოტონამუშევარი.  

მანაბა მაგომედოვას შემოქმედებამ მის სიცოცხლეშივე საყოველთაო აღიარება მოიპოვა საქართველოში, დაღესტანში, უნგრეთში, რუსეთში, გერმანიაში, ჩეხეთში, აღმოსავლეთისა და ევროპის ქვეყნებში.  1956 წლიდან ავტორი მონაწილეობდა გამოფენებში სხვადასხვა ქვეყნის მასშტაბით. მისი ნამუშევრები ინახება რამდენიმე ქვეყნის მუზეუმში: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმი, მახაჩკალის მხარეთმცოდნეობისა და ხელოვნების მუზეუმები, სანკტ-პეტერბურგის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ნიურნბერგის ალბრეხტ დიურერის მუზეუმი.  

ფოტოგამოფენა 2016 წლის 12 მაისამდე გაგრძელდება.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის . 8